მეგობრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ბექა კვიციანს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მეგობრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ბექა კვიციანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ბრალდების მხარემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა დააყენა. დაცვის მხარემ კი ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება ან 10 000 ლარის ოდენობის გირაოს გამოყენება ითხოვა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ბრალდებულ ბექა კვიციანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ადვოკატი, შოთა მანელიძე ბრალდებულის ფსიქიკურ პრობლემაზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება არამართებული იყო, შესაბამისად, ის დადგენილ ვადებში გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

ბრალდების მხარის განმარტებით,  არსებობს მიმალვის საფრთხე, რის გამოც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვეს.

პროკურორის განცხადებით, გამოძიება ბრალდებულის მიმართ ფსქიკურ-ფსიქოლოგიურ ექსპერტიზის დანიშვნას აპირებს.

თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით მისი მეგობარი, დეპუტატ ემზარ კვიციანის ძმისშვილი, ბექა კვიციანი რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

მსგავსი თემები