„მაჩალიკაშვილს ხელყუმბარასთან დაკავშირებით შენიშვნა არ განუცხადებია… ის დაეთანხმა, რომ ხელყუმბარა მის შვილს ეკუთვნოდა“

„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი არ დაემორჩილა სპეცრაზმელის მოთხოვნას ეჩვენებინა მისთვის ხელები, სცადა საბრძოლო მდგომარეობაში მოეყვანა ხელყუმბარა, რის გამოც მისი მიმართულებით სპეცრაზმელმა განახორციელა გასროლა“ – აცხადებენ გენეტალურ პროკურატურაში.

პანკისის ხეობაში მოკლულ თემირლან მაჩალიკშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება შეწყვიტა და საქმე დახურა. როგორც საქმის პროკურორმა დავით გუმბერიძემ სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა,  საქართველოს პროკურატურამ მიიღო შემაჯამებელი გადაწყვეტილება და  მოცემულ საქმეზე 2020 წლის 25 იანვარს შეწყდა გამოძიება.

როგორც პროკურატურის განცხადებაში ვკითხულობთ, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა შემდეგი:

„2017 წლის 21 ნოემბერს  სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ინფორმაციით თბილისში, გაბრიელ სალოსისქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მცხოვრებ პირებს თან ჰქონდათ დიდი ოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა, რის გამოც 2017 წლის 21 ნოემბერს მიღებული იქნა გადაწყვეტილება აღნიშნულ პირთა დაკავების შესახებ. ადგილზე მისულ სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლებს ბინაში მყოფმა ტერორისტული დაჯგუფების წევრებმა – ახმედ ჩატაევმა, “აბუ ჰურეირამ“ და ასლანბეგ სოლტახმადოვმა გაუწიეს შეიარაღებული წინააღმდეგობა, რის გამოც სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელთა მიერ განხორციელდა შენობის შტურმით აღების ოპერაცია, რა დროსაც ლიკვიდირებული იქნა ორი ტერორისტი, ხოლო ახმედ ჩატაევმა აიფეთქა თავი. 

აღნიშნულ საქმეზე მიმდინარე გამოძიებისას 2017 წლის 23 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გასცა თემირლან მაჩალიკაშვილის დაკავების განჩინება. სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებები საკმარისი იყო დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ ხუთ პირს, მათ შორის თემირლან მაჩალიკაშვილს ჩადენილი ჰქონდა ზემოხსენებული ტერორისტული დაჯგუფების და ტერორისტული ორგანიზაციისთვის მომსახურების გაწევა, ტერორისტებისთვის თავშესაფრის მიცემა და რესურსებით უზრუნველყოფა. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 3311-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მოცემულ საქმეზე დაკავებული პირების მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი.

ზემოაღნიშნული განჩინების ფარგლებში, 2017 წლის 26 დეკემბერს, ღამის საათებში, ახმეტის რაიონის სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომელმა  განხორციელებული გასროლის შედეგად, საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში, თავის არეში დაჭრა თემირლან მაჩალიკაშვილი, რომელიც მოგვიანებით2018 წლის 10 იანვარს გარდაიცვალა.

იმ ფაქტის გასარკვევად, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომელი და რამდენად წარმოადგენდა გადაუდებელ აუცილებლობას მის მიერ სროლის განხორციელება, თბილისის პროკურატურაში ჩატარდა სრულყოფილი და ამომწურავი გამოძიება. კერძოდ, მოწმის სახით გამოიკითხა 124 პირი, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა ათზე მეტი სხვადასხვა სახის ექსპერტიზა.

მოწმის სახით გამოიკითხნენ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები და მისი მეზობლები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის 32-ივე თანამშრომელი, რომლებიც ზემოხსენებული 5 პირის დაკავების ოპერაციაში მონაწილეობდნენ. მოწმის სახით გამოიკითხნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის როგორც გამომძიებლები, ასევე ყველა ხელმძღვანელი, ვისაც რაიმე სახის ინფორმაცია გააჩნდა 2017 წლის 26 დეკემბერს ჩატარებული ოპერაციის დაგეგმვასა და განხორციელებასთან.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი არ დაემორჩილა სპეცრაზმელის მოთხოვნას ეჩვენებინა მისთვის ხელები, სცადა საბრძოლო მდგომარეობაში მოეყვანა ხელყუმბარა, რის გამოც მისი მიმართულებით სპეცრაზმელმა განახორციელა გასროლა.

აღნიშნული ხელყუმბარა ამოღებული იქნა საცხოვრებელი ოთახის ჩხრეკის შედეგად, ჩხრეკას ესწრებოდა თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, რომელმაც დაადასტურა ჩხრეკის ოქმში დაფიქსირებული მონაცემების სისწორე. მას რაიმე შენიშვნა ხელყუმბარასთან დაკავშირებით არ განუცხადებია. მან შენიშვნა გააკეთა მხოლოდ ამოღებულ თანხასთან დაკავშირებით, როდესაც განმარტა, რომ თანხა ეკუთვნოდა მის ქალიშვილს. მას  შენიშვნა ხელყუმბარასთან დაკავშირებით არ განუცხადებია, რაც ნიშნავს, რომ იგი დაეთანხმა იმ ფაქტს, რომ ხელყუმბარა რეალურად მისი შვილის ოთახიდან იქნა ამოღებული. აღნიშნულ ხელყუმბარაზე კი, 2018 წლის 30 იანვრის ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის შერეული გენეტიკური პროფილების მაჟორული (ძირითადი) წილი  თემირლან მაჩალიკაშვილის გენეტიკური პროფილის იდენტურია. აღნიშნული ხელყუმბარა დაილუქა მალხაზ მაჩალიკაშვილის თანდასწრებით, შემდგომ მისი გახსნა მოხდა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გამომძიებლის, ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომლების  და ორი გამნაღმველის მონაწილეობით. ყველა მათგანი აღნიშნავს, რომ ლუქის მთლიანობა დარღვეული არ იყო და მათივე მონაწილეობით დაილუქა და ჩაბარდა ექსპერტს.

თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე წარმოებული გამოძიების საწყისი ეტაპიდან,  როგორც ოჯახის წევრებს, ისე მის ადვოკატებს მიეცათ  შესაძლებლობა სრულად გაცნობოდნენ საქმის მასალებს, მიეღოთ ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, ადვოკატების მოთხოვნით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, გამოიკითხნენ მოწმეები დაკომპლექსურ ექსპერტიზაში მონაწილეობას ღებულობდნენ ოჯახის მიერ მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტები“ – ვკითხულობთ მთავარი პროკურატურის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები