მაღალი რისკის მქონე ადამიანებს, სახელმწიფო, ნოემბრიდან უფასოდ აცრის – ვინ მოხვდა სარისკო კატეგორიაში?!

ოქტომბრის ბოლოდან, სახელმწიფო იმ ადამიანების აცრებს დაიწყებს, რომლებიც გრიპის ვირუსის მხრივ მაღალი რისკის მქონე კატეგორიას მიეკუთვნებიან.  ამ ჯგუფში, საქართველოს  100 000-მდე მოქალაქეა. ისინი აღნიშნულ სერვისს უფასოდ, სახელმწიფოს ხარჯზე მიიღებენ.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას აღნიშნა, რისკ ჯგუფებში სხვადასხვა კატეგორია შედის.

„აიცრება  მაღალი რისკის მქონე 100 000 ადამიანი. მაგალითად, დიაბეტიანები, C ჰეპატიტის და აივ ინფიცირების მქონე მოქალაქეები, ორსული ქალბატონები, მოხუცებულთა თავშესაფარში მცხოვრები მოხუცები, ბავშვთა სახლებში მცხოვრები ბავშვები და ექიმები, რომლებიც ყველაზე მაღალი რისკის მქონენი არიან, ” – განუცხადა პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავარს.“

რაც შეეხება სხვა კატეგორიას, მათ შეუძლიათ, აცრები კომერციულ კლინიკებში განახორციელონ.

პაატა იმნაძე მოსახლეობას მიმართავს და ურჩევს, რომ ვაქცინაციის ეფექტურობისთვის, უმჯობესია,  დეკემბრამდე აიცრან.

“ნოემბრის ბოლოდან ველით, რომ გრიპი თავს იჩენს. ამიტომ, თვის ბოლოს დაიწყება გრიპის სახელმწიფო პროგრამით აცრები. ეს ადამიანები უფასოდ აცრებიან სახელმწიფო პროგრამით. დანარჩენ მოქალაქეებს, ვისაც სურვილი აქვს, შესაძლებელია, სხვადასხვა პოლიკლინიკაში აიცრან. გრიპის აცრა მაშინაა ეფექტური, როცა ოქტომბერ-ნოემბერში იკეთებ. იმიტომ, რომ საქართველოში გრიპის მატება ძირითადად დეკემბერშია. ადამიანი ვინც აიცრება, შემდეგ სეზონამდე დაცულია,” – განაცხადა პაატა იმნაძემ.

პაატა იმნაძის განმარტებით, საქართველოში 3 კომპონენტიანი აცრები უკვე შემოტანილია. მისი თქმით, ვაქცინები ყოველწლიურად სხვადასხვაა.

“ვაქცინები ყოველ წელიწადს სხვადასხვაა. თუმცა, გამორიცხული არ არის, რომ ზოგიერთი კომპონენტი იგივე დარჩეს, რაც წინა წელს იყო. რომელ ვირუსსაც ველოდებით, იმ კომპონენტის ვაქცინა ჩამოდის. ამას კი ყოველწლიურად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია განსაზღვრავს” – განუცხადა პაატა იმნაძემ “მედიაცენტრ მთავარს.”

მსგავსი თემები