მასწავლებლებს ხელფასის ნაწილს ბაღში ატოვებინებენ – რეგიონებში არსებული მძიმე რეალობა

ერთ ჯგუფში საშუალოდ 45 ბავშვი, ჯგუფზე 1 მასწავლებელი და ერთი ძიძა, აღმზრდელი მასწავლებლის ხელფასი – 237 ლარი, ძიძა – 219 ლარი, მასწავლებლის შემცვლელი (საღამოს) – 100 ლარი – ეს ის რეალობაა, რომელიც სამეგრელოში, კერძოდ კი სენაკში, და არა მხოლოდ იქ არსებობს. ვითარება ყველგან იდენტურია.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა ხელისუფლება აქცენტს განათლებასა და რეგიონების განვითარებაზე აკეთებს, დიდ ქალაქებთან შედარებით, სკოლამდელ დაწესებულებებში არსებული ვითარება რეგიონებში გაცილებით მძიმეა.

უფრო მეტიც, ჯგუფში ბავშვების რაოდენობას რომ თავი დავანებოთ, აღმზრდელებს, წლის განმავლობაში 10-ზე მეტი ღონისძიებისთვის უწევთ ბავშვების მომზადება, რისთვისაც საკუთარი ხელფასის ნაწილის ბაღში დატოვება უწევთ.

„ჩვენი ბაღი სხვებისგან არაფრით განსხვავდება რეგიონებში ყველგან ერთნაირი ვითარებაა. წარმოიდგინეთ ერთ პატარა ოთახში 45 ბავშვი უნდა დავაკავოთ, რაც ყველანაირი სტანდარტით გაუმართლებელია. ბავშვებს სამოძრაო სივრცეც კი არ აქვთ და ამ რაოდენობის ბავშვებს 1 აღმზრდელი მასწავლებელი და 1 ძიძა ჰყავს მხოლოდ. მასწავლებელი მხოლოდ კი არ ასწავლის ბავშვებს, ძიძასთან ერთად, ყველაფერს აკეთებს – სუფრა უნდა გაუშალოს, ხელები დააბანინოს, აჭამოს, აალაგოს, საპირფარეშოში წაიყვანოს….და ამ ყველაფრისთვის ძალიან დაბალ ანაზღაურებას იღებს და მის ნახევარსაც ბაღში ტოვებს“, – გვიყვება ერთ-ერთ ბაღის აღმზრდელი მასწავლებელი.

ბაღებისთვის ცალკე თავის ტკივილია ბავშვების ღონისძიებებისთვის მომზადება, რადგანაც, აღნიშნულის ფინანსური დანახარჯიც სწორედ მასწავლებლის კისერზეა.

„წლის განმავლობაში,  მასწავლებელი ვალდებულია, ბავშვები 10-მდე ღონისძიებისთვის მოამზადოს, ფორმებითა და შესაბამისი აღჭურვილობით მოკაზმოს და ღონისძიებაზე გამოიყვანოს. ღონისძიებებს ხომ სხვადასხვა ატრიბუტი სჭირდება, ეს ჩვენ, მასწავლებლებმა უნდა ვიყიდოთ, ფორმებს რაც შეეხება, მშობლები ვალდებულები არიან შეუკერონ შესაბამისი ფორმები. ამას რომ თავი დავანებოთ, ღონისძიებების ჩამონათვალში ისეთი აუცილებელი ღონისძიებაა, რომელის დედამიწის ზურგზე ალბათ არც არავის გაუგია: ღიმილია დღე; შემოდგომა; ახალი წელი; 8 მარტი; აღდგომა; წლის ბოლო ღონისძიება; მხიარული სტარტი; 26 აისი, 1 ივნისი და სხვა… ეს ის აუცილებელი ღონისძიებები, რომელშიც მონაწილეობა გვევალება“, – გვიყვება ერთ-ერთი ბაღის ძიძა.

რაც შეეხება ბავშვების სათამაშოებით უზრუნველყოფას, როგორც სამეგრელოს არაერთ სკოლამდელ დაწესებულებაში გვითხრეს, სათამაშოებს ბავშვებისთვის თავად მასწავლებელები ყიდულობენ ან სახლიდან მიაქვთ.

„სათამაშოს შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხა ჩვენ არ გვაქვს, ამის შესახებ არასდროს არაფერ გამიგია. მასწავლებლები ვყიდულობთ სათამაშოებს პერიოდულად ან სახლიდან მოგვაქვს, ან ახლობლებს, ვისაც ბავშვები ჰყავს და სათამაშოებს იცვლიან, გვიგროვებენ და გვაძლევენ. პირადად, ყოველ ზაფხულს მიგროვებენ ახლობლები თავიანთ გამონაცვალ სათამაშოებს და ის მომაქვს ბაღში ბავშვებისთვის“, – უყვება „მედიაცენტრ მთავარს“ ერთ-ერთი საბავშვო ბაღის აღმზრდელი.         

მსგავსი თემები