“მარტო მათი აქტიურობა ვერ შეცვლის მდგომარეობას” – მამუკა არეშიძე “პატრიოტთა ალიანსის” ვიზიტზე რუსეთში

“მარტო “პატრიოტთა ალიანსის” აქტიურობა ვერ შეცვლის მდგომარეობას, ეს არის მთელი საზოგადოების გადასაწყვეტი, რა გვინდა რუსეთისგან”, – ასე გამოეხმაურა ექსპერტი კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე “პატრიოტთა ალიანსის” რუსეთის დუმაში ვიზიტს. 

როგორც ექსპერტმა “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, “პატრიოტთა ალიანსის” ეს ვიზიტი შერბილებაზე იყო ორიენტირებული, მაგრამ, მისი თქმით, ეს დროებითი მოვლენაა.

“მარტო “პატრიოტთა ალიანსის” აქტიურობა ვერ შეცვლის მდგომარეობას, ეს არის მთელი საზოგადოების გადასაწყვეტი, რა გვინდა რუსეთისგან. თუ აგრესიის მოლოდინში ვართ, მაშინ სხვა პოლიტიკა უნდა ავირჩიოთ, თუ თავიდან გვინდა ავიცილოთ სხვა გართულებები, მაშინ სხვა პოლიტიკა. მაგრამ უნდა ჩამოყალიბდეს ერი საბოლოო ჯამში რა უნდა. და ერი რომ საბოლოოდ ჩამოყალიბდეს, არამარტო რუსეთის, არამედ სხვა შემთხვევაშიც უნდა განესაზღვროს ქვეყნის ფუნქცია – ვინ ვართ და რა გვინდა. “პატრიოტთა ალიანსის” ეს ვიზიტი იყო შერბილებაზე ორიენტირებული, მაგრამ ეს არის დროებითი მოვლენა, ხვალ ისევ იგივე მოხდება. არ გვიდა გერმანიის მაგალითი ვთქვათ, როცა ლამის გერმანიის კანცლერმა კარები შემოამტვრია, რომ როგორმე მოსკოვში მიეღოთ. არ გვინდა იაპონიის მაგალითი, რომელსაც ხიროსიმა და ნაგასაკი მოუწყვეს ამერიკელებმა, მაგრამ მათ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ამერიკელების მეშვეობით აღედგინათ თავიანთი ქვეყანა. მოვიყვანოთ სერბების მაგალითი, რომელიც ყველაზე ახლოა ჩვენთან. ასევე, დასავლეთმა კოსოვოს ოკუპირება მოახდინა. დღეს სერბეთი არამარტო კოსოვოს იმ ნაწილს კარგავს, რომელშიც ალბანელები ცხოვრობენ, არამედ იმ ტერიტორიებსაც, სადაც ცხოვრობენ სერბები. მაგრამ თავის მეგობრად თვლის რუსეთს, ხოლო დასავლეთს მთავარ პარტნიორად. აქედან გამომდინარე, ბრძნული პოლიტიკაა, შექმნილი ვითარებიდან მაქსიმალურად გამოიყენო შენი მტრის შეცდომებიც კი. აუცილებელია, ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა”, – განაცხადა არეშიძემ “მედიაცენტრ მთავარში”.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში დიალოგის მომხრეა და ამბობს, რომ არ დალაპარაკება შედეგს არ გამოიღებს.

მისი განცხადებით, “პატრიოტთა ალიანსი” ვალდებული იყო, რომ მათ ხალხის სახელით ელაპარაკათ რუსეთში. 

“არ დალაპარაკება შედეგს არ მოიტანს, პირიქით, უნდა შეიქმნას დიალოგის ფორმატი. მოდი, ამ პარტიას ხელი შევუწყოთ, რადგან “პატრიოტთა ალიანსი” ხალხის მიერაა არჩეულია  პარლამენტში. აქედან გამომდინარე, ისინი ვალდებულნი არიან თავიანთი ამომრჩევლის, ქართველი ხალხის ნააზრევი გადასცენ დუმას. მხოლოდ შერბილება სიტუაციას არ შეცვლის. რუსეთის პოლიტიკა არ შეიძლება აგრესიის გარეშე არსებობდეს”, – განაცხადა მამუკა არეშიძემ “მედიაცენტრ მთავარში”. 

მამუკა არეშიძის თქმით, საქართველოსა და რუსეთს შორის მომხდარი უთანხმოების განმუხტვაზე თვითონ რუსეთი იყო ორიენტირებული, ამიტომ “პატრიოტთა ალიანსის” ჩასვლა მათთვის ძალიან სასიამოვნო იყო.  

მსგავსი თემები