მარიხუანას ხსენება შთამომავლობის გაწყვეტასთან ასოცირდება – ნუკრი ქანთარია​

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი ნუკრი ქანთარია აცხადებს, რომ სიტყვა “მარიხუანას”  ხსენებამ ქართულ საზოგადოებაში ისეთი ვნებათაღელვა გამოიწვია, რომ მისი კულტივაციის საკითხის განხილვა გარკვეული პერიოდით უნდა გადაიდოს, თუმდაც ეს იყო ბიუჯეტისთვის ერთი-ორი კაპიკის შემომტანი.

“მარიხუანის ხსენება დღეს, შთამომავლობის გაწყვეტასთან ასოცირდება, ამიტომ რეალობა რადგან ასეთია, ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ ამ საკითხს”, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ დღეს, “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, იდეაზე მსჯელობა უნდა გაგრძელდეს და გაკეთდეს დამაჯერებელი განმარტებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება რეგულაციები და ექნება თუ არა მას მხოლოდ სამედიცინო თვალსაზრისით გამოყენება.

“მარტო სიტყვას ისეთი აჟიოტაჟი მოჰყვა, ისიც რომ იყოს ცნობილი, მარიხუანა გადამუშავების შედეგად სიმსივნეს არჩენსო, მაშინაც კი საზოგადოების ერთი ნაწილი არ დაიჯერებდა, ხოლო მეორე ნაწილი იტყოდა, – ასეთი მორჩენა არ გვინდაო. შესაძლოა გარკვეული წლების შემდეგ ღიმილი მოგვგვაროს ამ ყველაფერმა, მაგრამ დღეს, რეალური მდგომარეობა ასეთია. არ მგონია, რომ ნერვიულ ატმოსფეროს კიდევ უნდა დავუმატოთ”, – აცხადებს ნუკრი ქანთარია.

მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს უამრავი კითხვები, მათ შორის, რამდენად არის მსოფლიო ბაზარი ღია საქართველოსთვის, არის თუ არა კონტროლის სათანადო მექანიზმები ქვეყანაში და სხვა, რასაც პასუხი უნდა გაეცეს.

მსგავსი თემები