„მანიპულაცია იმაზე, რომ თითქოს უკვე ყველაფერი დასრულდა, რომ გავიმარჯვეთ და პანდემია აღარ არსებობს – ეს მიდგომა არის უპასუხისმგებლო“ – არჩილ თაკავაძე

არჩილ თალაკვაძემ დაწესებული შეზღუდვების მოხსნის საკითხზე გაამახვილა ყურადღება და ეპიდემიოლოგიური ვითარება შეაფასა. მისი თქმით, სიტუაცია დამაიმედებელია, თუმცა, საფრთხე კვლავ რჩება.

„საფრთხე კვლავ რჩება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ჯერ არ მოუხსნია პანდემიის რეჟიმი და არა ერთი მცირე თუ დიდი სახელმწიფო კვლავ დგას ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე. არის ძალიან ბევრი ახალი შემთხვევა. სამწუხაროდ, არის გარდაცვალების ბევრი შემთხვევაც და ვიდრე ეს საფრთხე არსებობს, ჩვენც, როგორც სახელმწიფომ, საქართველომაც ამ გამოწვევის და საფრთხის წინააღმდეგ უნდა შეინარჩუნოს გარკვეული პრევენციული ზომები. დღეს იწურება საგანგებო მდგომარეობა, რაც ნიშნავს, რომ მეტი შეზღუდვების ეტაპიდან ჩვენ გადავდივართ ნაკლები შეზღუდვების ეტაპზე. გარკვეული შეზღუდვები ბუნებრივია, დარჩება და ჩვენ მოგვიწევს უსაფრთხოების ძირითადი წესების დაცვა, რასაც ჩვენი ჯანდაცვის სამსახურები გვაწვდიან იმისთვის, რათა შევძლოთ სოციალური, ეკონომიკური ფუნქციების აღდგენა, პოლიტიკური პროცესის სრულად განახლება და შევასრულოთ ის ამოცანებიც, რაც მიმდინარე რეჟიმში არსებობს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამისთვის მნიშვნელოვანია საკანონმდებლო მხარდაჭერაც. „გუშინ იყო გრძელი სამუშაო დღე და განსხვავება მგონი საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა, ჩვენი მიდგომა არის შედეგზე ორიენტირებული, ჩვენი პრიორიტეტი არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვა, ხოლო პოლიტიკური სპექტრის ნაწილის ამოცანა არის ის, რომ თუ დისკუსიამ შედეგი გამოიღო, ეს შეაფასონ სპეკულაციურად. აი ეს არის განსხვავება ჩვენს პოლიტიკურ მიდგომებს და ღირებულებებს შორის“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მან კოლეგებს, მათ შორის, დეპუტატებს ოპოზიციიდან, განხილვებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა. მისი თქმით, დღის წესრიგშია ბევრი მნიშვნელოვანი ინიციატივა. „ჩვენ გავაგრძელებთ საქმის გაკეთებას. მზად ვართ სრულფასოვანი ოპონირებისთვის, მზად ვართ პოლიტიკური დებატებისთვის, პარლამენტს თავისი საზედამხედველო ფუნქცია და კანონშემოქმედებითი ფუნქციები გააჩნია და ჩვენ ამას ვასრულებთ და შევასრულებთ განუხრელად მომავალშიც. ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობა და ჩვენი პირობა, როგორც ხელისუფლების, რა თქმა უნდა, რჩება განუხრელად, რომ ჩავატარებთ დემოკრატიულ, გამჭვირვალე და სამართლიან არჩევნებს, ამით ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთხელ დაუმტკიცებს თავის საზოგადოებას და საერთაშორისო პარტნიორებს, რომ საქართველო აგრძელებს დემოკრატიის გაძლიერებას“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. ბიუროს სხდომაზე დღევანდელი პლენარული სხდომის დღის წესრიგი განსაზღვრა.

მსგავსი თემები