მამუკა ხაზარაძის განცხადებით მას აშანტაჟებდნენ

პარლამენტის საფინანსო- საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე „თიბისი” ბანკის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ეროვნული ბანკი მას აშანტაჟებდა. მამუკა ხაზარაძის თქმით, მას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა უთხრა, რომ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოდან უნდა წასულიყო.

„მივედი ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან და ვუთხარი, რომ მზად ვართ, გადავდგეთ თავმჯდომარეობიდან და მოადგილეობიდან, რადგან რეგულატორი ხართ და პატივს ვცემთ მას. თქვეს, არა, თქვენი თავმჯდომარეობა და მოადგილეობა არ არის საკმარისი, საბჭოდანაც უნდა წახვიდეთ-ო. ვუთხარი, რომ მირჩევნია, მომხსნათ, რადგან ეს არის უფლებების შელახვა და არაპროპორციული ზომები ჩვენს მიმართ. მოგვდის ხუთი წერილი და ბანკის აქციები ვარდება ყველაზე დაბალ ნიშნულზე. დამიჯერეთ, ტყუილია, რომ ვიღაცამ გადაგვაყენა-გადმოგვაყენა. ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება, რომელიც დავწერე თვითმფრინავში, რადგან კამბოჯაში მივემგზავრებოდი იაპონელებთან შეხვედრაზე და გადავდექი სწორედ იმის გამო, რომ ბანკი მთლიანად არ ჩამოქცეულიყო“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ

საკომიტეტო მოსმენაზე. როგორც მან აღნიშნა, პროკურატურის პირველი განცხადებიდან მეორე განცხადებამდე „თიბისი“ ბანკის ინვესტორებმა 200 მილიონი დოლარის ზარალი ნახეს.

„მინდა გითხრათ, პირველი განცხადებიდან მეორე განცხადებამდე ჩვენმა ინვესტორებმა 200 მილიონი დოლარის ზარალი მიიღეს. მოვისმინე განმარტებები, რომ ბანკის აქციებმა აიწია. იმ ხალხმა რა ქნას, ვინც წააგო? ჩვენ გვყავს 1 000-ზე მეტი ინვესტორი. მათგან 200 გვყავს ცნობილი სახელი, აქედან ნახევარი აშშ-დან და ნახევარი ინგლისიდან,”– განაცხადა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში.

მსგავსი თემები