მამუკა ბახტაძე: „სიღარიბესთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური იარაღი განათლებაა, ბიუჯეტის მეოთხედს მას მოვახმართ“

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ევროპელ კოლეგებს სხვა მნიშვნელოვან მიღწევებთან ერთად განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმებიც გააცნო. მან საქართველოს წინაშე მდგარ პრობლებათა შორის სიმწვავით მხოლოდ ორი, ოკუპაცია და სიღარობე გამოყო. მისი თქმით, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში განათლება რეალურ სისუსტეს წარმოადგენდა და ადამიანური კაპიტალის განვითარება ჩამორჩებოდა თანამედროვე სამყაროს მოთხოვნებს. პრემიერმა აღნიშნა, რომ განათლება არის სიღარიბესთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური იარაღი, ამიტომ შეეცადა განათლების რეფორმაზე ამომწურავად ესაუბრა.

 „განათლების სექტორის რეფორმისთვის ვაპირებთ მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მეტი წილის გამოყოფას. ეს ინიციატივა წელს იწყება და მშპ წილობრივად 6 პროცენტამდე გაიზრდება, რაც სახელმწიფო ბიუჯეტის მეოთხედს წარმოადგენს. ეს ვალდებულება კანონმდებლობით განისაზღვრება, რათა ყველა შემდგომმა მთავრობამ კაპიტალდაბანდება მოახდინოს ადამიანური კაპიტალის განვითარებაში, იმ ხალხის განვითარებაში, რომელიც ჩვენს ქვეყანას ავითარებს და რომელმაც ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი გააკეთა და გვაძლიერებს ევროპული მისწრაფებების მიღწევაში. ადამიანური კაპიტალის განვითარებაა ის გამოსავალი, რაც არსებული გამოწვევების მოგვარებას განაპირობებს. მხოლოდ განათლებული პროფესიონალები შეძლებენ ჩვენი ქვეყნის გაზრდას იმ სიმაღლეებამდე, რაც მომავალი თაობებისთვის გვაქვს დასახული,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

როგორც მან ევროსაბჭოს ტრიბუნიდან კოლეგებს უთხრა, ჩვენი ქვეყნის მიზანია წვლილი შეიტანოს მთელი რეგიონის მშვიდობასა და სტაბილურობაში. მისივე თქმით, საქართველო ყველა ქვეყანას მისცემს ჯერ აუთვისებელი შესაძლებლობების გამოყენების შესაძლებლობას. ამის დასტურად პრემიერ-მინისტრმა მომდევნო წლის გაზაფხულზე საქართვლოში „თბილისის მშვიდობის ფორუმის“ გამართვა დააანონსა.

მსგავსი თემები