შურისძიების გამო მამაკაცმა ქალაქის მერი ხალხის თვალწინ, სცენაზე მოკლა

პოლონეთის ქალაქ გდანსკის მერი, პავლე ადამოვიჩი, რომელიც საქველმოქმედო კონცერტზე სიტყვით გამოსვლისას სცენაზე დანით დაჭრეს, საავადმყოფოში დღეს გარდაიცვალა. 

ახალგაზრდა მამაკაცი ქალაქის მერს 13 იანვარს, იმ დროს დაესხა თავს, როცა პავლე ადამოვიჩმა კონცერტზე შეკრებილი აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოსვლა დაასრულა. თავდამსხმელმა მას სასიკვდილო ჭრილობა გულ-მკერდის არეში მიაყენა. ამის შემდეგ, დამნაშავე რამდენიმე წამის განმავლობაში სცენაზე დააბიჯებდა და ტრიუმფალურად იქნევდა ხელებს, შემდეგ წამყვანს ხელიდან მიკროფონი გამოგლიჯა და ხალხს მიმართა: “მე მქვია სტეფანე, უდანაშაულოდ ვიჯექი ციხეში. “სამოქალაქო პლატფორმამ” (პოლიტიკური პარტია, რომლის წევრიც იყო პავლე ადამოვიჩი) გამაწამა. ამიტომ მოკვდა ის (მერი)”.  

სამართალდამცველები სცენაზე ავიდნენ და თავდამსხმელი დააკავეს.    

კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი მერი ქალაქის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს. თითქმის 5 საათის განმავლობაში უტარდებოდა ოპერაცია. ქირურგიული ჩარევის პროცესში მას დაახლოებით 20 ლიტრი სისხლი დასჭირდა. დონორობის სურვილი 300-მდე ადამიანმა გამოთქვა.  

27 წლის თავდამსხმელი, ქალაქ გდანსკის მკვიდრია. 2014 წლის მაისში ის 4 ბანკის გაქურდვის გამო გაასამართლეს. გდანსკის სასამართლომ მას 5 წლითა და 6 თვის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2018 წლის დეკემბერში მამაკაცი პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

დაკავებისას მას ჟურნალისტის სამკერდე ნიშანი, რომლის საშუალებითაც ის სცენაზე ავიდა. 

“ჯერჯერობით უცნობია მან ეს სამკერდე ნიშანი მოიპარა თუ არა. შესაძლოა მან თავი ჟურნალისტად წარმოადგინა და ასე მოიპოვა აკრედიტაცია. ყველაფერს გამოძიება დაადგენს”, – აცხადებენ პოლონეთის პოლიციაში.  

გამოძიება პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავეცკის პირადი კონტროლის ქვეშ მიმდინარეობს.  

პავლე ადამოვიჩი ქალაქს გდანსკის 20 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. 2018 წლის ნოემბერში ის მეექვსედ აირჩიეს ქალაქის მერად. არჩევნების მეორე ტურში მან ხმების 64,8%-ი მიიღო. 

გარდაცვლილი მერი ქალაქ გდანსკის პოლონეთის მარგალიტს უწოდებდა.  

თარგმნა შორენა პაპაშვილმა

მსგავსი თემები