„მაგთიკომმა“ და „სილქნეტმა” ტარიფის ზრდა უნდა შეაჩერონ – კომუნიკაციების კომისია

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, რომ სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე   აბონენტებისთვის ტარიფის გაზრდის არანაირი წინაპირობა და საფუძველი არ არსებობს. შესაბამისად “მაგთიკომსა” და “სილქნეტს” მიმართავენ ტარიფების ზრდა შეაჩერონ. 

​როგორც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, მათ კანონით მინიჭებული ყველა სამართლებრივი ბერკეტი გააჩნია, იმისთვის, რომ კომპანიების მიერ მიღებულ არაკანონზომიერ გადაწყვეტილებებზე უმკაცრესი რეაგირება მოახდინოს.

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „მაგთიკომისა“ და „სილქნეტის“ მიერ გავრცელებული განცხადების საფუძველზე საკითხის შესწავლა დაიწყო. კომისია შეისწავლის, რამდენად ადეკვატურად ხორციელდება ორი, მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორის მიერ ფასების ერთდროულად ცვლილება.

კომუნიკაციების ეროვნული კომისია ორივე ოპერატორს მიმართავს, საკითხის საბოლოოდ შესწავლამდე ​ტარიფების ცვლილება შეაჩერონ. 

აღსანიშნავია, რომ კომპანიები “სილქნეტი” და “მაგთი” ტარიფების გაძვირებას აპირებენ, ამას კი მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებით ხსნიან.

“სილქნეტი” სატარიფო ცვლილებებს პირველი მარტიდან გეგმავს. კერძოდ, “ჯეოსელის” 5-ლარიანი პაკეტი – 7 ლარი, 10-ლარიანი 15 ლარი, ხოლო 25-ლარიანი 30 ლარი ხდება.

როგორც კომპანიაში განმარტავებ, საუბარია ახალი საფასო პოლიტიკის შედეგად, როგორც ფიქსირებულ, ასევე მობილური ქსელის აბონენტები მიიღებენ გაუმჯობესებულ პაკეტებს და მობილური ინტერნეტის გაზრდილ მოცულობებს.

ტარიფის კორექტირებას გეგმავს “მაგთიც”. 18 თებერვლიდან ტარიფი „მარტივი 25“ შეიცვლება ტარიფით “მარტივი”. მისი ღირებულება 30 ლარი იქნება,  ამასთან, მობილური ინტერნეტი 1000 მბ-ის ნაცვლად იქნება 1500 მბ, ასევე მაგთის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის ან/და IP ტელევიზიის აბონენტები ისარგებლებენ სპეციალური ტარიფით: მათ შეეძლებათ აირჩიონ 2 ნომერი და თითო ნიმერში გადაიხადონ ისევ 25 ლარი. 

წესდება ნომრის მომსახურების საფასური, რაც „ჯეოსელის“ შემთხვევაში ყოველთვიურად 20 თეთრს გულისხმობს. „მაგთის“ აბონენტებისთვის კი 180 დღის განმავლობაში 1 ლარი.

ახალ სატარიფო პოლიტიკას უკვე პროტესტი მოჰყვა სოციალურ ქსელში: “მაგით უნდათ, ისედაც გაჭირვებული ხალხი გაამწარონ და ბოლო კაპიკებიც წაართვან, მეტი არაფერი”;

“სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში ისედაც ძვირია მობულური მომსახურეობა. ხალხს კი პროტესტის გრძნობა მხოლოდ კლავიატურებთან გვაქვს. ასეთ უღარიბეს ქვეყანაში უნდა იაფდებოდეს. ჩვენთან ხალხის დაცინვაა და ღალატი ყველა სისტემიდან, მეტი არაფერი”;

“თუ აძვირებთ კეთილსინდისიერად მაინც მოექეცით აბონენტებს. უფასო 80 წუთთან ანგარიშზე 5 ლარი მქონდა და 3 დღის შემდეგ მინულდება ანგარიში, როცა უფასო წუთები კიდევ მქონდა… გგონიათ ხალხს ადვილად გააცურებთ… საბედნიეროდ ასე არ არის”, – წერენ მოქალაქეები.

.

მსგავსი თემები