ლევილის მამულში აჯანყების 94-ე წლისთავი აღნიშნეს

საფრანგეთში, ლევილის ქართულ მამულში 1924 წლის ეროვნული აჯანყების 94-ე წლისთავი აღნიშნეს. ღონისძიებაში მონაწილეობა პარიზის ქართულ სათვისტომოსთან ერთად, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარე, ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატმა  სიმონ ნოზაძემ მიიღო, რომელიც პარიზში  ოფიციალური ვიზიტით   იმყოფებოდა.

ღონისძიების ფარგლებში,  ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ცნობილი მოღვაწის, ვიქტორ ნოზაძის დაბადებიდან 125 წლისთავიც აღნიშნეს და დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისიც გადაიხადეს. როგორც სიმონ ნოზაძემ „მთავართან“ საუბრისას აღნიშნა, აჯანყების ტრაგიკული ფურცლის გახსენება ყოველთვის ამაღელვებელია.

„წინაპრების ტკივილიანი ისტორიის მქონე“ პატარა სოფელ ლევილში ორი ღირსშესანიშნავი მოვლენის მონაწილეობა უდიდესი ბედნიერებაა. 1924 წლის აჯანყება იყო ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ფურცელი საქართველოს ისტორიაში და ამასთანავე, ეს იყო ყველაზე კარგად მომზადებული, ორგანიზებული სამხედრო გამოსვლა. რუსულმა სპეცსამსახურმა ყველაფერი გააკეთა, რომ ეს გამოსვლა წარუმატებლად დასრულებულიყო. როცა არქივები გაიხსნა არაერთი დოკუმენტი გამოვლინდა და მათ შორის ის დოკუმენტი, რომელიც 1924 წლის აჯანყებას ეძღვნება. შედეგად, ბევრ რამეს ფარდა აეხადა. მიუხედავად იმისა, რომ აჯანყება გაყიდული იყო, ის მაინც დაიწყეს. ბედნიერი ვარ, რომ ვიკრიბებით ლევილის აწ უკვე ქართულ მამულში და აჯანყების მონაწილეებს  94-ჯერ ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ“,- აღნიშნა დეპუტატმა.

ღონისძიებებს დევნილი მთავრობისა და მაშინდელი სხვადასხვა პარტიის წევრთა შთამომავლები, ახალი თაობის ემიგრანტები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

მსგავსი თემები