„ლევან ხაბეიშვილი ატყუებს საზოგადოებასაც და დამლაგებლებსაც“ – ირაკლი ზარქუა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ზარქუამ საკრებულოში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებებს სიცრუე უწოდა და საკრებულოს დასუფთავების სამსახურის თანამშრომელთა შრომითი ანაზღაურების საკითხზე განმარტება გააკეთა. მისი თქმით,  ლევან ხაბეიშვილი ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ საკრებულოს წევრებს დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების ხელფასების მომატება შეუძლიათ.

„ლევან ხაბეიშვილი იტყუება, როდესაც ამბობს, რომ საკრებულოს წევრებს დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების ხელფასების მომატება შეუძლიათ. საკრებულო, შენობის დასუფთავებაზე 2011 წლიდან მოყოლებული, როდესაც ჯერ კიდევ  „ნაციონალური მოძრაობა“ იყო საკრებულოს მენეჯმენტში, აცხადებს ტენდერებს. ყოველწლიურად კერძო კომპანიები იმარჯვებენ ამ ტენდერებში და სწორედ ეს კომპანიები უზრუნველყოფენ საკრებულოს დასუფთავებას. გარდა საკრებულოსი, აღნიშნული კომპანიები დამლაგებლებს სხვა ოფისებშიც ამუშავებენ. აქედან გამომდინარე, წარმომადგენლობით ორგანოს იმის შესაძლებლობა, რომ კერძო კომპანიის თანამშრომლებს ხელფასები მოუმატოს, არ გააჩნია. ჩვენ თანხას ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს ვუხდით,“- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ განაცხადა, რომ ლევან ხაბეიშვილი ცდილობს საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს და შექმნას შთაბეჭდილება, რომ საკრებულოს წევრები საკუთარი თანამშრომლებისთვის თანხას ვერ იმეტებენ.

„ამ კომპანიის დამლაგებლებს და საზოგადობას ატყუებს ხაბეიშვილი, თითქოს მათი ხელფასის  გაზრდა საკრებულოს ევალება და არ აკეთებს. ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ისეთი ხალხი მუშაობს საკრებულოში, ვინც ვერ იმეტებს და ხელფასს არ უზრდის ამ კომპანის თანამშრომლებს. თანაც ამის გამო იდიოტებს, ფარჩაკებს და არაკაცებს გვიწოდებს საჯაროდ.  როგორ უნდა გავუზარდოთ საკრებულოს წევრებმა კერძო კომპანიის თანამშრომლებს ხელფასი, სრულიად გაუგებარია,“ – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ დასძინა, რომ საკრებულოს დასუფთავების სამსახურში 24 ადამიანია დასაქმებული, რომლებიც მორიგეობით მუშაობენ და მათი სამუშაო გრაფიკი სრულ დღეს არ მოიცავს.

მსგავსი თემები