კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი კიდევ ერთი ქართული კერძი გახდა – სუფრის “სასწრაფო დახმარება”

აჭარული სამზარეულოს შემადგენელი კერძის – ბორანოს მომზადების წესსა და ტრადიციას, რომელიც მესაქონლეობის, კერძოდ, რძის პროდუქტების წარმოება განვითარების საფუძველზეა მიგნებული და ჩამოყალიბებული, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა. 

როგორც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე აცხადებს, ბორანოს ისტორია მრავალ საუკუნეს ითვლის და ის  კულინარიაში რძის პროდუქტების გამოყენებას უკავშირდება. მერძევეობისა და შესაბამისი სამზარეულო სიახლეების მიგნება – განვითარება მესაქონლეობის წიაღში პროდუქტების მრავალფეროვან ასორტიმენტს ამკვიდრებდა, რაც ტრადიციულ სამზარეულოში კერძის სახეობათა ნაირგვარობას უწყობდა ხელს. შესაბამისად, აჭარაში სახეზე გვაქვს ბორანოს ძირითადი და მისი რამდენიმე სახეცვლილი ვარიანტი.

მისივე თქმით, ტრადიციული ფორმით, ბორანო იაღში ჩალბობილი ყველია. ის მაღალი კალორიულობით ხასიათდება და ზუსტად შეესაბამება აჭარელი კაცის ტრადიციული ცხოვრების წესს, რომელიც მუდმივ შრომასა და დიდ ფიზიკურ დატვირთვას საჭიროებს, განსაკუთრებით, ისეთი შრომა საქმიანობის დროს, როგორიცაა: ჭალობა (ჭალის ცელვა), ყანობა (ყანის აღება), თივისა და შეშის მომარაგება, ნადირობა და ა.შ.

“ტრადიციულ აჭარულ სამზარეულოში ბორანო არ იყო სეზონური საკვები. სურვილისა თუ საჭიროებისამებრ იგი ყოველთვის გამოიყენებოდა, მას მეორენაირად აჭარული სუფრის „სასწრაფო დახმარებასაც“ ეძახიან, რადგან მის მომზადებას დიდი დრო არ სჭირდება და აჭარელ დიასახლისს საშუალებას აძლევს სტუმარსა თუ ოჯახის წევრს დროის მცირე მონაკვეთში გაუმასპინძლდეს”, – აცხადებს ნიკოლოზ ანთიძე.

მისივე ინფორმაციით, ბორანო აჭარაში სხვადასხვა სახელწოდებით დასტურდება. მათგან ყველაზე გავრცელებული ფორმაა ბორანი//ბორანო. ეს ტერმინი ხულოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში დღესაც შემონახულია.

“ბორანო, როგორც ტრადიციული აჭარული კერძი, ქართული სამზარეულოს მუდმივი თანამდევი იქნება. იგი, როგორც აჭარასთან ასოცირებული კერძი, თანდათანობით მკვიდრ ადგილს იჭერს საქალაქო ცხოვრებაში, კერძოდ, ბათუმისა და აჭარის სხვა მუნიციპალიტეტების სარესტორნო მომსახურების სფეროში. ბორანო საქართველოს სხვა ქალაქების, მაგალითად, თბილისის, ტრადიციული კერძების მენიუშიც იმკვიდრებს თავს. ამ კუთხით მისი განვრცობა უფროა მოსალოდნელი და საფრთხის კონტექსტში არ უნდა იყოს აღქმული”, – აცხადებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე.

მსგავსი თემები