კრიმინალური მენტალიტეტის მიმართ ლოიალური განწყობა საზოგადოებაში, ჯერ კიდევ არსებობს – პრემიერი

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძის განცადებით, სამწუხაროდ, საქართველოში, საზოგადოების ნაწილი კვლავ ლოიალურად არის განწყობილი კრიმინალური მენტალიტეტის მიმართ, რაც სერიოზული პრობლემაა. თუმცა, მიაჩნია, რომ მეორე მხრივ, მძიმე შედეგი მოიტანა წინა ხელისუფლების ე.წ. ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკამ. 

“თითოეულმა ჩვენგანმა იწვნია, თუ რა შედეგებამდე მიგვიყვანა წინა ხელისუფლების ეგრეთ წოდებულმა „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკამ − „ყველანი ციხეში“. სხვათა შორის, ეს სიტყვები ამავე დარბაზში გაჟღერდა და ბევრმა თქვენგანმა ოვაციაც კი გამოხატა ამ სიტყვების მიმართ”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ ინტერპელაციის პრინციპით პარლამენტში გამოსვლისას.

მისივე თქმით, მოქმედი ხელისუფლება დღეს, კრიმინალს კანონით დადგენილ პოლიტიკას უპირისპირებს, რადგან მიაჩნიათ, რომ დემოკრატიულ ქვეყნებში დანაშაულთან ბრძოლა ადამიანის უფლებების ხარჯზე დაუშვებელია.

“არასოდეს მოხდება ეს საქართველოში ადამიანის, სიცოცხლის ხელყოფის ხარჯზე, პატივისა და ღირსების შელახვის ხარჯზე. ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიზანია, არსებული მდგომარეობის რეალურად შეცვლა და გამოსწორება, სადაც აუცილებელია მივიღებთ საკანონმდებლო ცვლილებებს, სადაც საჭიროა იქნება, გატარდება რეფორმები, რომლებიც სამართალდამცავთა საქმიანობას გახდის უფრო ეფექტიანს და ხარისხიანს. ჩვენი ხელისუფლება ახორციელებს ძირეულ რეფორმებს და განაგრძობს ამის კეთებას”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

მისივე თქმით, რეფორმის ფარგლებში, ინერგება პრევენციული მექანიზმები ყველა სამართალდამცავ სტრუქტურაში. აღსანიშნავია, ასევე გამოძიების ხარისხის მონიტორინგი. ამ მიზნით, 2018 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტი.

“შესაბამისად, ყველა ეს ღონისძიება და რეფორმა, რომელიც დაწყებულია და წარმატებით მიმდინარეობს, აუცილებლად მიგვიყვანს უფრო ეფექტიან და ხარისხიან საპოლიციო საქმიანობამდე, რაც ბუნებრივია, საქართველოში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი წინაპირობაა”, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

მსგავსი თემები