კრიზისმა “ქართული ოცნება” აიძულა “მცირე მთავრობის” იდეით შეიფუთოს – თამარ კორძაია

რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივანი თამარ კორძაიას განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე სამთავრობო ცვლილებების ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში არის კრიზისი და “ქართული ოცნება” ცდილობს “მცირე მთავრობის” იდეით შეფუთულმა განაგრძოს ქვეყნის მართვა.

​როგორც თამარ კორძაიამ მედიაცენტრმთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, ​შუა საბიუჯეტო წელიწადში მსგავსი მასშტაბური რეფორმების დაანონსება აბსოლუტურად არარეალისტური და არა შესრულებადია.  გარდა ამისა, ხელისუფლება საუბრობს “მცირე მთავრობაზე” და ერთადერთ არგუმენტად სამინისტროების რაოდენობის შემცირება მოჰყავთ.

​კორძაიას თქმით, სამინისტროების გაერთიანებისა და რამდენიმეს გაუქმების იდეა, თავის დროზე რესპუბლიკურმა პარტიამ დააყენა, რასაც ხელისუფლების მხრიდან მაშინ, მხარდაჭერა არ მოჰყოლია.  “მცირე მთავრობა” ნიშნავს სახელმწიფო თვითშეზღუდვას და ნაკლებ ჩარევას საზოგადოებრივ საქმეებში, თუმცა, ეს არ არის ის იდეა, რითიც მოვიდა ხელისუფლებაში პარტია “ქართული ოცნება”, ეს იძულებითი ნაბიჯია.

” ცვლილებები თითქოს იყო რეაქცია საზოგადოებრივ პროტესტზე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ადეკვატური რეაქცია არ არის. ჩვენ დავინახეთ არა იმ ადამიანების პასუხისმგებლობა, რომლების პასუხისმგებლობასაც სამოქალაქო საზოგადოება ითხოვდა, არამედ შეიცვალა პრემიერ-მინისტრი და მთლიანად სამთავრობო სტრუქტურა. ​როდესაც პრემიერი საუბრობს 100 – 120 მლნ ლარის დაზოგვაზე, ჩვენ ვერ ვისმენთ არგუმენტს რის ხარჯზე ხდება ეს დაზოგვა. ერთი მხრივ ამბობენ, რომ ადამიანებს სამსახურებიდან არ გაუშვებენ, მაგრამ მეორე მხრივ ამბობენ, რომ ოპტიმიზაციის ფარგლებში შესაძლებელი იქნება ამ თანხების დაზოგვა. ერთი კვირის განმავლობაში ვადევნებთ თვალს, რომ ახლა ამუშავებენ ამ იდეებს, ვინ წავა, ვინ დარჩება მაგრამ ვერ მოვისმინეთ კონკრეტული ინფორმაცია, საიდან მოხდება თანხების დაზოგვა, რის საფუძველზე? აქედან გამომდინარე ეს ყველაფერი ტოვებს ფასადური ცვლილებების შთაბეჭდილებას”, – აცხადებს თამარ კორძაია.

​მისივე თქმით,  სასჯელაღსრულების სამინისტროს იუსტიციის სამინისტროსთან შეერთება, ასევე ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გაუქმება და მისი ფუნქციების სხვა სამინისტროებისთვის გადაცემა რესპუბლიკური პარტიის საპროგრამო იდეა იყო.

“სამინისტროების შემცირება ნორმალურია, მაგრამ ეს უნდა ხდებოდეს გააზრებულად”, – აცხადებს ოპოზიციური პარტიის პოლიტიკური მდივანი.

მსგავსი თემები