„კორონავირუსი“ ზოგიერთი კერძო სკოლისთვის სარფიანი ბიზნესი აღმოჩნდა – მშობლებს მხოლოდ გაუხარჯავი ტუალეტის ქაღალდის თანხის შემცირება შესთავაზეს 

კერძო სკოლამ მშობლებს გაუხარჯავი ტუალეტის ქაღალდის საფასურის შემცირება შესთავაზა. 435 შეტყობინებიდან, რომელიც „მედიაცენტრმა მთავარმა“ კერძო სკოლის მოსწავლეების მშობლებისგან მიიღო, 240 ფიქრობს, ბავშვი საჯარო სკოლაში გადაიყვანოს. მშობლების 80% ამბობს, რომ ინტერნეტ გაკვეთილები ხარისხიანი არ არის, რომ ბავშვები დამოუკიდებლად ვერაფერს სწავლობენ, რომ მშობლებს ხარჯი და დატვირთვა გაეზარდათ და სკოლები დათმობაზე არ მიდიან და შეღავათებს არ უკეთებენ.

კითხვარი კერძო სკოლის მოსწავლეებისთვის, რომელიც გამოვაქვეყნეთ, შემდეგია:  

1.     შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, რადგან ბავშვები გადავიდნენ ინტერნეტ სწავლებაზე, როგორ შეიცვალა თქვენი მდგომარეობა, კერძოდ, გაგეზარდათ თუ არა დატვირთვა (ყველანაირი გაგებით, მატერიალური, ძიძა, ინტერნეტი, კომპიუტერი და ა.შ.);

2.     ინფორმირებულია თუ არა სკოლის ადმინისტრაცია რა პრობლემები შეგექმნათ მოსწავლეების სახლში ყოფნის გამო;

3.     ითვალისწინებს თუ არა კონკრეტული სკოლა შექმნილ ვითარებას და სწავლის საფასურის გადახდისას გიკეთებთ თუ არა შეღავათს (დააკონკრეტეთ რა შეღავათზეა საუბარი, 20, 30, 40%-იანი ფასდაკლება თუ რა);

4.     ფიქრობთ თუ არა, კერძო სკოლიდან მოსწავლე გადაიყვანოთ საჯარო სკოლაში და რატომ?

5.     არის თუ არა ის ცოდნა ადეკვატური, რასაც მოსწავლეები ინტერნეტ გაკვეთილებიდან იღებენ?

1 დღის განმავლობაში ჩვენს კითხვებს 435 მშობელმა უპასუხა. ბუნებრივია, ყველა პასუხს ვერ გამოვაქვეყნებთ, თუმცა, გთავაზობთ, როგორია ძირითადი ტენდენცია.

მშობელი #1: „პირველი რიგში, ძალიან დიდი მადლობა, რომ ვიღაც მაინც დაინტერესდა ჩვენი პრობლემით, რადგანაც ბავშვები კერძო სკოლაში დაგვყავს, ჰგონიათ, რომ იმდენი შემოსავალი გვაქვს, სად წავიღოთ არ ვიცით. რაც შეეხება პირველ კითხვას, დიახ, ჩვენი მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. პირადად, ჩემი შვილი მესამე კლასელია. წარმოუდგენელია, მესამე კლასელ ბავშვს კომპიუტერთან დამოუკიდებლად მუშაობის გამოცდილება ჰქონდეს. მას სჭირდება დამხმარე ვინც გაკვეთილების განმავლობაში მასთან ერთად იქნება, დაეხმარება და შემდეგ ამეცადინებს. ეს დამხმარე არის ძიძა, რომელსაც მე პირადად 400 ლარს ვუხდი. რადგან ბავშვი ადრე 6 საათამდე სკოლაში იყო, ადრე ძიძას საჭიროება არ მქონია; ამას გარდა,  მომიწია ლეპტოპის შეძენა რომელშიც 700 ლარი გადავიხადე, რადგან, ჩემს შვილს საკუთარი ლეპტოპი არ ჰქონია; ასევე, რადგანაც ბავშვი და ძიძა მთელი დღე სახლში არიან, ბუნებრივია, საჭიროა შესაბამისი კვება. მეტს ვერ დავკონკრეტდები, ფაქტია, რომ ხარჯი და დატვირთვა გაიზარდა. ბუნებრივია, ვფიქრობ, ბავშვი საჯარო სკოლაში გადავიყუვანო, რადგან, ჩვენი სკოლა 20%-იან შეღავათსაც კი არ აკეთებს, არადა, რეალურად უზარმაზარ ხარჯებს ზოგავს ჩვენი შვილების ხარჯზე. გადასახადს ანალოგიურად ითხოვს“.

მშობელი #2: „თუ სკოლა გადასახადს არ გაანახევრებს, მე შვილი სკოლიდან გამყავს. სხვა გამოსავალი უბრალოდ არ მექნება. ძალიან მარტივად აგიხსნით – მე პირადად მომიწია სახლში ჩაჯდომა, არა იმიტომ რომ ეს მიხარია, იმიტომ, რომ უხელფასო შვებულებაში გამოუშვეს. ახლა ამიხსენით, როგორ გადავუხადო სკოლას, სწავლის სრული საფასური, რომელიც სარგებლობს შექმნილი ვითარებით და სარფიანად ხეირობს, ბიზნესს ატრიალებს. უამრავ ხარჯებს ზოგავენ და ის მაინც არ შეუძლიათ, რომ 3 თვის განმავლობაში გადასახადი გაანახევრონ? სამარცხვინოები არიან, სხვა არაფერი მეთქმის და მთავრობამ, როგორც სხვა ბიზნესს სთხოვა დახმარება, ამ ბიზნესსაც რომ  მისცეს რეკომენდაციები არ იქნება ურიგო“.

მშობელი #3: „იქიდან გამომდინარე, რომ შექმნილი მდგომარეობის გამო მშობლებს ხარჯი და დატვირთვა გაგვეზარდა, ჩვენი მოთხოვნის გარეშე სკოლამ შეტყობინება გამოგვიგზავნა და გვითხრა, რომ სწავლის საფასურს 20%-ს აკლებს. შეიძლებს ეს დიდი პროცენტი არ იყოს, თუმცა, ადამიანური მიდგომაა.  დიახ, ჩვენი ხარჯი და დატვირთვა გაიზარდა იმით, რომ ბავშვები, რომლებიც  6 საათამდე სკოლაში იყვნენ და იქ მეცადინეობდნენ, ზიან სახლში და ან რეპეტიტორები გვჭირდება, ან ძიძები ან ჩვენ თვითონ უნდა დავჯდეთ და ვამეცადინოთ. გარდა ამისა, საუბარია სხვა ხარჯებზეც – ინტერნეტი, პერსონალური კომპიუტერი და სხვა. ბუნებრივია, ამ ყველაფერს სკოლები ზოგავენ. იგივე გათბობის, ელექტროენერგიის ხარჯებს. უბრალოდ, არაადამიანი უნდა იყო, ეს მდგომარეობა არ გაითვალისწინო და დათმობაზე არ წახვიდე. მაინც მადლობა ჩვენს სკოლას, სხვებისგან გამორჩეულია“.     

მშობელი 4#: „ძალიან მიჭირს. ანუ შედეგი ის მაქვს, რომ მოსწავლე  შესაბამის ცოდნას ვერ იღებს. გარდა ამისა,  არ არის მიჩვეული ასე სახლში ჯდომას და მეცადინეობას. ის რასაც მასწავლებელი აკეთებინებს ბავშვებთან ერთად, სახლში უწევს და ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ფულს ვიხდი. აუცილებელია, ეს მასალა, რასაც ახლა „სწავლობენ“,  ა ხელმეორედ გაატარონ. ჩვენი კლასის მშობლებიც უკმაყოფილოები არიან ძალიან და თან ფასსაც არ აკლებენ. ჩვენს კლასში 7 მშობელი ფიქრობს ბავშვის გადაყვანას საჯარო სკოლაში“.

მშობელი: #5 „ვფიქრობ, მოსწავლე ვიდეო გაკვეთილით ვერ ღებულობს სრულფასოვან სწავლებას, არის ინტერნეტის პრობლემა, გვაგდებენ ჯგუფიდან, ითიშება ხმა…. სკოლის ადმინისტრაცია მხოლოდ თანხის გადასახადზე გვიკავშირდება ისიც დამრიგებელს ავალებს.  ვფიქრობ ეს პერიოდი 50 პროცენტზე მეტი არ უნდა გადაგვახდევინონ თუ რამე ადამიანური გააჩნიათ. ამასაც როგორ გადავიხდი არ ვიცი, ალბათ, მეც იძულებული გავხდები გადავიყვანო ბავშვები საჯარო სკოლაში“.

მშობელი #6: „3 შვილი მყავს, მესამე, მეოთხე და მეექვსე კლასებში არიან. აი, ჩემი ხარჯი გაიზარდა თუ გაიზარდა. მჭირდება 3 პერსონალური კომპიუტერი და თუ ვინმე დამავალდებულებს, რომ 3  კომპიუტერი უნდა შევიძინო, ვიტყვი, რომ საღ აზრთან შორსაა. რადგან სამივე შვილს ერთდროულად ეწყება სწავლა, ძალიან რთულ დღეში აღმოვჩნდი. სახლში მაქვს მხოლოდ 1 კომპიუტერი, დანარჩენს ორზე რა ვქნა, იქნებ გამცეს განათლების სამინისტრომ და სკოლამ პასუხი. არა, სკოლა მავალდებულებს გადავიხადო თანხა, დანარჩენი არ აინტერესებს, ალტერნატივასაც არ მთავაზობს რა გავაკეთო. ამიტომ უფროს ვსვამ სამეცადინოდ და მე ვეხმარები, მთელი დღე ამ გაკვეთილებში ვარ ჩართული, დანარჩენი ორი კი იჩაგრება. ეს არის ჩვენი ხელმისაწვდომობა და ინდივიდუალური მიდგომა. მართლა არ შეიძლება, კერძო სკოლები ასე იყვნენ მიშვებულები და არანაირ რეგულაციებს არ ემორჩილებოდნენ. ცალკე პრობლემაა უხარისხო, „სკაიპზე“ დამოკიდებული გაკვეთილები, სადაც ტექნიკური პრობლემების გამო, ნაწილს ისმენ და ნაწილს არა. დიახ, ხელისულება უნდა ჩაერიოს და გაანახევრონ გადასახადი“.       

შეგახსენებთ რომ 435 მშობლიდან მხოლოდ 9 მშობელმა გვითხრა, რომ სკოლა გადასახადს ამცირებს. ამ ეტაპზე, თავს ვიკავებთ გამოვაქვეყნოთ ის სკოლები, ვინც მშობლებს წნეხში ამყოფებს. ასევე, არ ვაქვეყნებთ იმ სკოლებს, რომლებიც დათმობაზე წავიდნენ და სწავლის საფასური შეამცირეს, თუმცა, მივიღეთ წერილები, სადაც მშობლები გვწერენ, რომ სკოლამ მხოლოდ გაუხარჯავი ტუალეტის ქაღალდის საფასურის შემცირება შესთავაზა.    

„მედიაცენტრი მთავარის“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები