კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 1486-ს მიაღწია

ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 1486-ს მიაღწია, ხოლო დადასტურებულია ინფიცირების 64 429 შემთხვევა. ინფორმაციას “სიენენი” ავრცელებს.

ამ დროისთვის გამოჯანმრთელდა შვიდი ათასზე მეტი პაციენტი. 180 ათასამდე ადამიანი კი, რომელთაც ინფიცირებულებთან ჰქონდათ კონტაქტი, დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

ახალი კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით საგანგებო შეხვედრა გაიმართა ბრიუსელში. ევროკავშირის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, გააძლიერონ მზაობა და კოორდინაცია ვირუსის ევროპის ტერიტორიაზე გავრცელების პრევენციისთვის. ასევე იზრუნონ იმაზე, რომ არ შეიქმნას მედიკამენტებისა და აღჭურვილობების დეფიციტი.

იაპონიის მთავრობა კი ახალი კორონავირუსის დასამარცხებლად 140 მილიონ დოლარს გამოყოფს. აღნიშნული თანხა ინფიცირებულთა მკურნალობასა და სამედიცინო დაწესებულებების ტესტირებისთვის საჭირო სისტემებით აღჭურვას მოხმარდება. ასევე გაიზრდება სამედიცინო ნიღბების წარმოება.

მსგავსი თემები