კორეის რესპუბლიკიდან საქართველოში „კოვიდ-19“-ის ტესტების ახალი მარაგი გამოიგზავნა

კორეის რესპუბლიკიდან საქართველოში „კოვიდ-19“-ის ტესტების ახალი მარაგი გამოიგზავნა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამის შესახებ კორეის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი, ოთარ ბერძენიშვილი „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს.

„ცნობილი კორეული კომპანია SD Biosensor, საქართველოს მიმართულებით COVID-19-ის ტესტების ახალ ნაკადს აგზავნის. მადლიერებას გამოვხატავთ ამ ხანგრძლივ თანამშრომლობაში ჩართული მხარეების მიმართ“, – წერს ბერძენიშვილი.

საელჩოს ინფორმაციით, ტვირთი საქართველოში 5 მაისს ჩამოვა.

საგარეო უწყების ცნობით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ერთობლივი ძალისხმევით კორეულ მხარესთან აქტიური თანამშრომლობითა და კორეის მთავრობის ხელშეწყობით კორეული კომპანია – SD Biosensor, Inc. საქართველოში „კოვიდ-19“-ის ანტიგენის აღმოჩენის ტესტების ექსპორტს ახორციელებს. აღნიშნულ ფაქტს, „ტვიტერის“ პირადი გვერდის საშუალებით ასევე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი და კორეის რესპუბლიკის მთავრობას კორონავირუსის გავრცელების პერიოდში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საგარეო უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მითითებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის კოორდინაციით და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით განაგრძობენ ადგილსამყოფელ ქვეყნებთან სამედიცინო ნედლეულის მოპოვების მიზნით აქტიურ მუშაობას.

მსგავსი თემები