კობა დავითაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება, ის მთაწმინდის მაჟორიტარად იყრის კენჭს

ცნობილი პოლიტიკოსი, 4 მოწვევის პარლამენტის წევრი, ყოფილი დეპუტატი კობა დავითაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება და შუალედურ არჩევნებში, თბილისის მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარ დეპუტატად კენჭისყრას აპირებს.

როგორც კობა დავითაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, პოლიტიკაში დაბრუნების მთავარი მიზეზი იმ პოლიტიკური ძალის შექმნაა, რომელიც “ქართული ოცნებას” შეცვლის. ამბობს, რომ კონკურენციის არ ეშინია.

“მინდა გაცნობოთ, რომ მივიღე გადაწყვეტილება დავბრუნდე პოლიტიკაში და კენჭი ვიყარო მთაწმინდის ოლქში. მაგრამ არ ვაპირებ ვიყო ჩვეულებრივი კანდიდატი. ჩემი ამოცანა არის ხელი შევუწყო არა რადიკალური არამედ გაწონასწორებული ძალის ჩამოყალიბებას, რომელიც ხელისუფლებაში მოვა და შეცვლის “ქართულ ოცნებას”. მე მინდა მოვუწოდო იმ ხალხს, რომელიც “ოცნების” მიუღებლობის გამო ნაციონალებს აძლევენ ხმას და იმ ხალხსაც, რომელიც “ქართულ ოცნებას” აძლევდა ხმას, დადგა დრო გავერთიანდეთ და შევქმნათ პირველ სახელისუფლებო ძალა. დამთავრდა ის დრო, როცა ერთის ჯიბრით მეორეს ვაძლევდით ხმას”, – განაცხადა კობა დავითაშვილმა.

მისივე თქმით, შუალედურ არჩევნებს, როგორც წესი, დიდი აქტივობა არ ახასიათებს. ამომრჩეველში არის განწყობა, – რა უნდა შეცვალოს ერთმა კანდიდატმა? “ერთ კანდიდატს შეუძლია განსაზღვროს ის, თუ ხალხის მხარდაჭერა რა ტენდენციით მიიდის”, – ამბობს დავითაშვილი. 

აღსანიშნავია, რომ ცნობილი პოლიტიკოსი და იურისტი კობა დავითაშვილი ქვეყნის V, VI, VII და VIII მოწვევის პარლამენტის წევრი. ბოლოს, 2012 წელს, საკანონმდებლო ორგანოში ის კოალიცია “ქართული ოცნების” სიით მოხვდა, თუმცა 2013 წელს უმრავლესობა დატოვა და პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით 2016 წლამდე დარჩა.

მსგავსი თემები