კლანი თუ სადმე არის დღეს, ეს “ნაცმოძრაობის” ნარჩენებია – ირაკლი კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სასამართლოში კლანის არსებობის თემას ეხმაურება და აცხადებს, რომ მართლმსაჯულების სისტემაში თუ სადმე არის დღეს, რეალურად კლანი, ეს “ნაცმოძრაობის” ნარჩენებია. ხოლო მათ დასაცავად ყოველთვის დგანან ზუსტად ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც დღეს მართლმსაჯულებას უტევენ. 

“ნამდვილი კლანი იყო ჩამოყალიბებული საკონსტიტუციო სასამართლოში. გახსოვთ, გიორგი პაპუაშვილი (საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე) იყო კლანის ხელმძღვანელი, რომელსაც ჰყავდა 3 ერთგული მოსამართლე ერთ-ერთ კოლეგიაში და ყველა საქმეს აწერდა ამ კოლეგიას, რაც პოლიტიკურად სენსიტიური იყო. მაშინ, 2016 წელს, პარლამენტში განიხილებოდა კანონი და “ნაცმოძრაობასთან” დაკავშირებული ე.წ ენჯეოების რიგი იდგა, თუ ვის უნდა შეეტანა სარჩელი და ვის გაეკრიტიკებინა შესაბამისი ინიციატივა. მხოლოდ და მხოლოდ კვორუმის გაზრდაზე იყო მაშინ საუბარი. კლანი თუ სადმე არის რეალურად, ეს არის “ნაცმოძრაობის” ნარჩენებია”, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.   

მსგავსი თემები