კახა კალაძე ტაქსის მძღოლებს ახალი რეფორმის მნიშვნელობას განუმარტავს

​თბილისის მერის კახა კალაძე, ტაქსის რეფორმასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს და აცხადებს, რომ ტაქსის მძღოლები ამით დიდ სარგებელს მიიღებენ.

კერძოდ, მძღოლები გათავისუფლდებიან გადასახადისგან, ქალაქში უფასო პარკინგის ადგილებით ისარგებლებენ, გადაეცემათ ქიმწმენდის და გადაღებვის ვაუჩერები და საშუალება ექნებათ შემოსავალი რეკლამის განთავსებით მიიღონ.

„მათთვის ქალაქის მასშტაბით გამოყოფილია უფასო საპარკინგე ადგილები, რომელსაც კიდევ დავამატებთ მომავალში. მათ უფასოდ გადაეცემათ ტაქსის მანათობლები, რომლის დიზაინიც გუშინ წარმოვადგინეთ. დღევანდელი მდგომარეობით 100-ზე მეტი ვაუჩერია გაცემული და მიმდინარეობს გადაღებვის სამუშაოები. გარდა ამისა, მძღოლებს ექნებათ საშუალება, შემოსავალი მიიღონ რეკლამის განთავსებით. მათ უჩნდებათ დამატებითი შემოსავალი, რაც მათივე ოჯახებისთვის მნიშვნელოვანია. მეორე მხრივ კი, დედაქალაქის მოსახლეობა, ამ რეფორმის შედეგად, გამართული სერვისით ისარგებლებს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

როგორც კახა კალაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, ვიზუალურ სტანდარტში მოქცევის ვალდებულება ექნება A კატეგორიის ტაქსებს, ხოლო B კატეგორიის ტაქსებს მსგავსი ვალდებულება არ ექნებათ და საქმიანობის გაგრძელება შეეძლებათ ტაქსის გამოძახების პრინციპით მომუშავე სისტემაში ჩართვით.

მსგავსი თემები