„კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, ეროვნულმა ბანკმა რეზერვები დახარჯოს, ამით კრედიტებიც გაძვირდება“ – ანდრია გვიდიანი

ეკონომისტი და ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი აცხადებს, რომ ეროვნულმა ბანკმა რეზერვების დაგროვების პოლიტიკა უნდა გააგრძელოს და არა მისი ბაზარზე გამოტანა. როგორც მან „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, ეროვნული ბანკი ოქროს შუალედს იჭერს და სავალუტო რეზერვების დახარჯვით, მოსახლეობას კრედიტებიც გაუძვირდება.

„ვფიქრობ, რომ რეზერვებთან მიმართებაში ეროვნული ბანკის პოლიტიკა აბსოლუტურად სწორია. სწორედ ეროვნული ვალუტა თამაშობს მთლიანი ეკონომიკისთვის ბუფერის ანუ დამზღვევის როლს. როდესაც ეკონომისტების, პოლიტიკოსები ნაწილი და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ხშირ შემთხვევაში მიმართავენ ხოლმე ეროვნულ ბანკს, რომ დაიწყო რეზერვების გამოიყენება, ეს, როგორც თეორიულად, ისე პრაქტიკულად არასწორია. ჩვენ გვგონია რომ რეზერვები სადღაც დევს და უბრალოდ, ვიღაცას არ უნდა ამაზე ხელის ხლება. რეზერვებს აქვს ძალიან მნიშვნლოვანი დატვირთვა, ჩვენი საკრედიტო რეიტინგების ფორმირების თვალსაზრისით. ჩვენ რომ დავიწყოთ რეზერვების ხარჯვა, ავტომატურ რეჟიმში საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიები შეამცირებენ საქართველოს სარეიტინგო ქულას, რაც ბუნებრივია, გამოიწვევს უცხოურ ვალუტაში კრედიტების გაძვირებას“ – განაცხადა ანდრია გვიდიანმა „მედიაცენტრ მთავარში“.

როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, რეზერვების შესყიდვა ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე გავლენას ვერ მოახდენდა. შესაბამისად, მისივე თქმით, ამგვარ შეფასებები არასერიოზულია.

„ეროვნულმა ბანკმა უნდა გააგრძელოს რეზერვების დაგროვების პოლიტიკა და იყოს ორიენტირებული არა ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე, არამედ, იმაზე, რაც მისი საქმეა – საბანკო სექტორში ჯანსაღი გარემოს შენარჩუნება. რეზერვების შესყიდვა ყოველთვის ხორციელდებოდა მაშინ, როდესაც ლარი არ იყო გაუფასურებული. ანუ ეროვნული ბანკი იჭერს ოქროს შუალედს. ეროვნულ ვალუტას, როცა შეუძლია დამატებითი წნეხის ატანა, ამ შემთხვევაში ხდება რეზერვების შევსება“- აღნიშნა ეკონომისტმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები