კარლო საკანდელიძის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ წიგნი გამოიცა

ქართული თეატრისა და კინოს ცნობილი მსახიობის, საქართველოს სახალხო არტისტის, კარლო საკანდელიძის შემოქმედებისა და ცხოვრების შესახებ წიგნი გამოიცა. თბილისის მერიის მხარდაჭერით, 8 სექტემბერს, 18 საათზე, რუსთაველის თეატრის ფოიეში, 140-ე სეზონის გახსნაზე, კარლო საკანდელიძის წიგნის პრეზენტაცია და ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტოგამოფენა გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ რუსთაველის თეატრის დასის წევრები.

​კარლო საკანდელიძეს წელს დაბადებიდან 90 წელი შეუსრულდებოდა.

რუსთაველის თეატრის სცენაზე კარლო საკანდელიძემ 61 წელი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში მას 80-მდე როლი აქვს შესრულებული თეატრში და 50-მდე კინოში. მის მიერ განსახიერებული პერსონაჟები მაყურებელმა შეიყვარა და დაიმახსოვრა.

პროექტი განხორციელდა თბილისის მერიის, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, TBC ფონდის მხარდაჭერითა და თანადგომით.

კარლო საკანდელიძე 1928 წლის პირველ აპრილს ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ბზვანში დაიბადა. 1944 წელს დაამთავრა თბილისის ვაჟთა N1 საშუალო სკოლა და სწავლა რუსთაველის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე განაგრძო.

მისი პირველი კინოროლი, რეჟისორების თენგიზ აბულაძისა და რეზო ჩხეიძის ფილმ “მაგდანას ლურჯაში” იყო, სადაც მან ვანოს როლი შეასრულა. ამ ფილმმა კანის ფესტივალზე ოქროს პალმის რტო დაიმსახურა საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის. მეორე მნიშვნელოვანი ფილმი იყო “დათა თუთაშხია”, სადაც მან ნიკანდრო ქირია განასახიერა.

კარლო საკანდელიძე მკვეთრად სახასიათო და კომიკური ინდივიდუალობის მქონე მსახიობი იყო. მის მიერ შექმნილი სახეები გამოირჩევა  ეროვნული, სოციალური თუ ასაკობრივი ხასიათების კონკრეტულობით და სიცხადით. ახასიათებდა შემოქმედებითი აქტიურობა, სასცენო გარდასახვის დიდი უნარი. სხვადასხვა დროს მიღებული აქვს სხვადასხვა წოდებები და აღიარებები.

მსგავსი თემები