კარიერზე აფეთქების შედეგად ბავშვის დაღუპვის გამო, თურქეთის 3 მოქალაქე დააკავეს

ქედის რაიონის სოფელ ჭიკაძეებში მომხდარი აფეთქების ფაქტზე, რომელსაც 6 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, ფეთქებადი ნივთიერების წესების დარღვევით გამოყენების ბრალდებით, თურქეთის სამი მოქალაქე დააკავეს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პროცესში მტკიცებულებების მოპოვების შედეგად, შესაძლოა გამოიკვეთოს სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხი.

ქედაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს პროფესიული კავშირების გაერთიანება და  მომხდარში ოპერატორ კომპანიას ადანაშაულებენ.
​საქართველოს პროფესიული კავშირების აჭარის გაერთიანების წარმომადგენლების შეფასებით, შრომის უსაფრთხოების სფეროში არ არსებობს ეფექტიანი მაკონტროლებელი ორგანო.

მათივე ინფორმაციით, აფეთქების მომენტში გიგა ოსანაძე საკუთარი სახლის ეზოში იმყოფებოდა, რომელიც აფეთქების ეპიცენტრიდან 100 მეტრის რადიუსში მდებარეობს. აფეთქების შედეგად დაზიანდა, აფეთქების ეპიცენტრიდან 300 მეტრის რადიუსში მდებარე საცხოვრებელი სახლებიც.

“პირველ რიგში გამოსარკვევია, ჰქონდა თუ არა სამუშაოს მწარმოებელს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების განხორციელების ნებართვა. რეგლამენტის მიხედვით, საამფეთქებლო სამუშაოების დაწყებამდე, ოპერატორი კომპანიის სამთო-გეოლოგებმა უნდა შეისწავლონ აფეთქების ეპიცენტრი და მიმდებარე ტერიტორია, შეადგინონ აფეთქების სქემა და მის საფუძველზე უნდა შექმნან აფეთქების პასპორტი, რომელშიც გაწერილი უნდა იყოს შემდეგი პარამეტრები: მოსაპოვებელი მადნის რაოდენობის, ადგილმდებარეობის, ლანდშაფტისა სხვა ლოკალური სპეციფიკების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს ფეთქითი მასალის ტიპი, რაოდენობა და ფეთქითი მასალის მოთავსების ღრმულის სიღრმე.

ასევე, უნდა განისაზღვროს მუხტის სიმძლავრე, აფეთქების შედეგად დაშლილი სამთო მასის გატყორცნის მიმართულება და აფეთქების მომენტში დასაქმებულთა განლაგების უსაფრთხო პოზიციები მანძილის მითითებით. იმ შემთხვევაში, როდესაც აფეთქების ეპიცენტრთან საშიშ დისტანციაზე დასახლებული პუნქტი ან სხვა დანიშნულების ობიექტებია, სამუშაოს მწარმოებელი კომპანია ვალდებულია მიიღოს უსაფრთხოების დამატებითი ზომები, რათა შემცირებული იქნას დაშლილი სამთო მასების გატყორცნის მანძილი”,- ნათქვამია პროფესიული კავშირების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი თემები