“მასთან მიმუშავია, კარგი იურისტი და კარგი ადამიანია” – ზაქარია ქუცნაშვილი შალვა თადუმაძის კანდიდატურაზე

საქართველოს მთავარი პროკურორის პოზიციაზე შალვა თადუმაძის კანდიდატურის განხილვას დადებითად აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატის ზაქარია ქუცნაშვილი და აცხადებს, რომ ის პატიოსანი იურისტია და თავისუფალია იმ კლიშეებისგან, რომელიც ზოგიერთ სფეროს ახლავს.

“შალვა ძლიერი იურისტია. მას აქვს კარგი პრაქტიკა სისხლის სამართლის სფეროში, ენერგიული ადამიანია, პატიოსანი იურისტის და ბუნებრივია, თავისუფალია იმ კლიშეებისგან, რა კლიშეებიც ზოგიერთ სფეროში მომუშავე ადამიანს ახლავს”, – განაცხადა ქუცნაშვილმა დღეს, მედიაცენტრ “მთავარის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, იგი ჯერჯერობით, ვერც ადასტურებს და ვერც უარყოფს მთავარი პროკურორის პოზიციაზე შალვა თადუმაძის კანდიდატურის განხილვის შესახებ ინფორმაციას, თუმცა ამბობს, რომ მის შესახებ მხოლოდ  დადებითის თქმა შეუძლია.

“მასთან მიმუშავია, კარგი იურისტი და კარგი ადამიანია”, – აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი.

„მთავარის“ მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციით, მთავარი პროკურორის პოზიციაზე შალვა თადუმაძის კანდიდატურა განიხილება. უფრო მეტიც, აღნიშნული კანდიდატურის შესახებ გადაწყეტილება მიღებულია და რამდენიმე დღეში წარადგენენ.

ამ ეტაპზე, შალვა თადუმაძე მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოზიციას იკავებს, მან მაია ცქიტიშვილი მას შემდეგ შეცვლა, რაც ამ უკანასკნელმა მინისტრის სავარძელი ჩაიბარა. მანამდე თადუმაძე მთავრობის საპარლამენტო მდივანი იყო. მას ადვოკატობის დიდი გამოცდილება აქვს, იყო ექსპრემიერ, მმართველი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი და მთავრობაში გადანაცვლებამდე საკუთარ საადვოკატო ბიუროს – „შალვა თადუმაძე და ბი ელ ფი კონსალტინგს“ ხელმძღვანელობდა.

მსგავსი თემები