კარატისტები პოლიტიკაში მოსასვლელად ემზადებიან, ხელისუფლებას საკუთარ ძალას ყრილობაზე დაანახებენ

კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კახა ბასილია, რომელსაც თაღლითობაში ედება ბრალი, მის წინააღმდეგ მიმზანმიმართულ კამპანიაზე საუბრობს და აცხადებს, რომ პოლიტიკაში მოსასვლელად ემზადება.

როგორც კახა ბასილიამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ სკანდალის გამო მას 2 გზა დაუტოვეს: ან მმართველი პარტია “ქართული ოცნების” მორჩილებაში უნდა იყვნენ, ან ეძებონ პოლიტიკური მოკავშირეები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.  

“იმის გამო, რაც ჩვენ გაგვიკეთეს, ორი გზა გვქონდა, ან უნდა მიგვეღო მმართველი პარტიის პოზიცია და მათი მორჩილები გავმხდარიყავით, როგორც ყველა ფედერაცია, ან უბრალოდ 2020 წლისთვის მოვძებნოთ პარტნიორები, მაგრამ ეს არ იქნება, არც “ოცნება” და არც გაერთიანებული ოპოზიცია. ძალიან ბევრი წესიერი ადამიანი ვიცით, “ოცნებიდან” წამოსული, ასევე ყოფილი ნაციონალები. მესამე ძალა, რომელიც შეიქმნება, მათ შევუერთდებით, რაც არის განუკითხაობა სპორტში, ვეცდებით ჩვენ თვითონ მოვაგვაროთ.​​ ბევრი შემოთავაზება გვაქვს უკვე. სპორტის სასახლეში ჩავატარებთ ფედერაციის ყრილობას და ჩვენს ძალას კიდევ ერთხელ ნათლად დავანახებთ იმათ, ვისაც დაავიწყდა… ზუსტად 30 წლის წინათ, კარატისტებმა პირველად იგემეს ზიანი ხელისუფლებისგან, მაშინ ეს იყო საბჭოთა იმპერია. ვაპირებ პოლიტიკაში მოსვლას, რადგან ასეთი წინაპირობა დამიყენეს. ფედერაცია ჩემს გვერდით არის, მათ ვთხოვე, დამეტოვებინა ფედერაციაში თანამდებობა, მაგრამ ამის უფლება არ მომცეს”, – აცხადებს კახა ბასილია.  

მისივე თქმით, სკანდალის გამო, უცხოელმა პარტნიორებმა ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი შეუჩერეს.

კახა ბასილიას ყურადღება ამჟამად, სასამართლოსკენ არის მიმართული და აცხადებს, რომ მას უსამართლოდ დააკისრეს 15 000 ლარის გირაო.

“მოსამართლემ არც კი მომისმინა, პირდაპირ შემომთავაზეს გირაო 15 000 ლარი. საიდან გამოვიდა ეს თანხა? მე არ ვარ ბიზნესმენი. რა თქმა უნდა გადავიხდი, კანონს არ შევეწინააღმდეგები. 29 მაისამდე არის დანიშნული სასამართლო სხდომა. ჩემი ადვოკატი მუშაობს და გაირკვევა ეს სისულელე ვის მოუვიდა თავში და ალბათ დაწყნარდებიან”, – აცხადებს კახა ბასილია. 

იგი იმედოვნებს, რომ გაუგებრობას აქვს ადგილი და გამოძიება სიმართლეს დაადგენს.

მსგავსი თემები