კარასინი რუსეთ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ჟენევის ჩარჩოში განხილვისკენ მოუწოდებს

ჟენევის ფორმატში საქართველოს დელეგაცია აპირებს ყველა იმ საკითხის დასმას, რომელიც აქამდეც აქტუალური იყო, თუმცა ყურადღება ენგურის ხიდის ჩაკეტვაზე გამახვილდება -, ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა.

„საქართველოს დელეგაცია აპირებს ყველა იმ საკითხის დასმას, რომელიც აქამდეც ჟენევის მოლაპარაკებების წინა რაუნდების დღის წესრიგში იყო. ეს გახლავთ გამალებული მილიტარიზაცია, უკანონო ბორდერიზაცია, არსებული მძიმე ჰუმანიტარული და პოლიტიკური ფონი და ა.შ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება 27 ივნისს მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლის შედეგადაც დაკეტილია ენგურის ხიდი, რაც კიდევ უფრო ართულებს იქ არსებულ ვითარებას. ჟენევის მოლაპარაკებას აქვს თავისი დღის წესრიგი. კომისია აგრძელებს მუშაობას, ეს არის 48-ე რაუნდი და ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის, ჩვენი გარდაცვლილი მოქალაქეების საკითხი კიდევ ერთხელ დაისმევა აქტიურად. თუმცა, ხაზგასმა მოხდება ბოლო მოვლენებზე“,- განაცხადა კონსტანტინიდმა.

რაც შეეხება ჟენევის ფორმატის შესაძლო გაუქმებას, კონსტანტინიდის თქმით, ამის ალბათობა არ არსებობს. „ასეთ ალბათობას ჩვენ ვერ ვხედავთ“,- აღნიშნა სამინისტროს წარმომადგენელმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა კი, გაზეთ “კომერსანტისთვის” მიცემულ ინტერვიუში, რუსეთისა და საქართველოს წარმომადგენლებს, ორმხრივი ურთიერთობების ჟენევისა და ჟენევის დისკუსიების ჩარჩოში განხილვისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ იქ არ განიხილება რუსეთ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები, მაგრამ ამ თემას გარკვეულ დროს დაუთმობენ:

„სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების საკითხებზე შეხვედრები, რომელიც 2 და 3 ივლისს შედგება, ჟენევაში ეძღვნება მხოლოდ აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს ურთიერთობებს. იქ არ განიხილება რუსეთ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები. მაგრამ რადგანაც იქ იქნებიან საქართველოს წარმომადგენლები, ჩვენ ნამდვილად დავუთმობთ ამ თემას გარკვეულ დროს ღონისძიების ჩარჩოებში“, – განაცხადა, გრიგორი კარასინმა.

მსგავსი თემები