“კანონიერ ქურდებს” ქვეყნის დატოვებას აიძულებენ, ეს რა მიდგომაა?!” – ნანა კაკაბაძე

არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე ე.წ. “კანონიერი ქურდების” დევნას აპროტესტებს და აცხადებს, რომ ამ მხრივ, მოქმედი ხელისუფლება წინამორბედის მიერ დანერგილ მანკიერ პრაქტიკას განაგრძობს. ადამიანის ქვეყნიდან განდევნა და დაპატიმრება მისი მრწამსისა და სტატუსის გამო, თუ დანაშაული არ ჩაუდენია, დაუშვებელია.

​როგორც ნანა კაკაბაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისი პროტესტის მიზანს წარმოადგენს არა ე.წ. ქურდული მენტალიტეტის, არამედ სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესების დაცვა. 

მისივე თქმით, უფლებადამცველები არ არიან ადვოკატები. ისინი არ იცავენ კონკრეტულ პირებს ან ჯგუფებს, არამედ ღირებულებებს, რასაც ხშირ შემთხვევაში პოლიტიკოსები ეწინააღმდეგებიან.   

“ასეთი სახის კანონმდებლობა, სწორედ იმ ღირებულებების ნგრევაა, რომელსაც უფლებადამცველები უნდა იცავდნენ. ეს ეხება კანონს, რომელიც იმუშავებს არა კონკრეტული დანაშაულის, არამედ ადამიანების შეხედულებების, მათი ფიქრების, აზროვნებისა და პოზიციის წინააღმდეგ. ამ კანონით დაიწყება  ადამიანების დევნა, მათი შეხედულებების გამო. თუ ადამიანი ამბობს, რომ ვარ ქურდული მენტალობისო და მას არ აქვს ჩადენილი კონკრეტული დანაშაული, ამ კანონის თანახმად, სახელმწიფოს უნდა მიეცეს უფლება ის განდევნოს ქვეყნიდან ან მოათავსოს გისოსებს მიღმა. ადამიანმა რაც არ უნდა თქვას და როგორც არ უნდა წარმოაჩინოს თავი არავის არ აქვს უფლება მას შეუზღუდოს გადაადგილება, ან აიძულოს გადაადგილდეს, თუ მას არ ჩაუდენია კონკრეტული დანაშაული”, – აცხადებს ნანა კაკაბაძე.

მისივე თქმით, დაუშვებელია ადამიანის დევნის საფუძველი გახდეს მისი შეხედულება და აზროვნება. კანონმდებლობის გამკაცრების ნაცვლად, იგი ხელისუფლებას ურჩევს გააანალიზოს, რა იწვევს დანაშაულს, რადგან კანონმდებლობის გამკაცრებით ქვეყანაში დანაშაული არ მცირდება. 

“პოლიტიკა კანონმდებლობის გამკაცრებისკენ მიდის, რაც არანაირად არ ამცირებს ქვეყანაში დანაშაულის სტატისტიკას. ეკა ბესელიას შემთხვევაში აჩვენა, ამ გამკაცრებამ როგორ იმუშავა. ვის და როგორ შეეხო ის. მახინჯი პრაქტიკა საქართველოში კანონის გარეშეც არსებობს, რომ “კანონიერ ქურდებს”, რომლის კანონიერება და მართებულობა ჯერ არცერთ სამართალდამცავს არ დაუდასტურებია, აიძულებენ დატოვონ თავისი ქვეყანა, მას შემდეგ, რაც მათ მოიხადეს სასჯელი და გამოვიდნენ ციხეებიდან. იმ ადამიანებს, რომლებიც იძახიან, თითქოს მე “კანონიერი ქურდების” დაცვას ვცდილობ, როგორც უნდათ ისეთი ინტერპრეტაცია მისცენ ამას. პარლამენტში ინიციატივა უკვე შესულია და მიდის მსჯელობა”, – აცხადებს ნანა კაკაბაძე.

მსგავსი თემები