“ილია II -ის მოწოდებამ ხალხი დაამშვიდა” – ალი ბაბაევი მარიხუანის ლეგალიზაციაზე

“საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის” თავმჯდომარე ალი ბაბაევი აცხადებს, რომ მცენარე კანაფის კულტივაციასა და ექსპორტირებასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანული თემი სრულად იზიარებს საქართველოს საპატრიარქოს პოზიციას და მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებამ თავის თავზე უნდა აიღოს ყველანაირი ბერკეტი, რომ მარიხუანა, მოსახლეობისთვის არ გახდეს ადვილად ხელმისაწვდომი.

მისი თქმით, საქართველოში სამედიცინო მიზნით კანაფის კულტივაცია თუ მაინც გადაწყდება, პლანტაციების დაცვა განსაკუთრებულად უნდა გაკონტროლდეს.

როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ალი ბაბაევმა დღეს განაცხადა, ​იმის გამო, რომ საქართველოს ​მეზობელ ქვეყნებში მარიხუანის წარმოება აკრძალულია, ქვეყანაში შემოვლენ მისი მომხმარებლები და საქართველო კავკასიაში, ნარკომოხმარების ცენტრად გადაიქცევა.

ბაბაევის აზერით, ბოლო ხანებში მარიხუანის თემას აქტიურად იყენებენ პოლიტიკური პარტიები რეიტინგისთვის, მაგრამ არ უფიქრდებიან მათი განცხადებების შედეგებს. ამ თვალსაზრისით, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანული მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პოზიცია, რამაც, მისივე თქმით, ხალხი დაამშვიდა.

“მივესალმები კავკასიის მამის, ილია მეორის მოწოდებას. მისმა გამოსვლამ ხალხი დაამშვიდა. ეს სფერო კარგად უნდა იყოს შესწავლილი ექსპერტების მიერ, რომ სახელმწიფოს საზიანო შედეგები არ მივიღოთ. მარტო მართლმადიდებლური რელიგიის კი არა, სხვა რელიგიური კონფესიების აზრიც უნდა იყოს გათვალისწინებული. მუსლიმანთა კავშირმა ამასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. ამ კანონის მიღება საქართველოში შესაძლოა საპრეზიდენტო არჩევნების წინ სერიოზული დაპირისპირების მიზეზი გახდეს”, – აცხადებს ალი ბაბაევი.

მისივე თქმით, კანონის არსებობის მიუხედავად, კანაფს მოსახლეობა დღესაც უპრობლემოდ თესავს და მოჰყავთ.

” მარიხუანა დღესაც არის მოსახლეობაში, თესავენ და მოჰყავთ. ბოლო ხანებში ტონობით კანაფი გაანადგურეს სამართალდამცველებმა. პრობლემა არსებობს და იარსებებს, ის არ უნდა ვაქციოთ გლობალურად. უფრო უნდა გამკაცრდეს სანქციები. მწეველები ისე არიან შეჩვეულები, ჯარიმას გადაიხდიან და მაინც მოწევენ“, – აცხადებს ალი ბაბაევი.

მსგავსი თემები