კადრების ცვლას აზრი არ ექნება, თუ მოსახლეობასთან ურთიერთობის პოლიტიკა არ შეიცვალა – ზვიად ძიძიგური

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ზვიად ძიძიგურის შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველმა ტურმა მმართველ გუნდს დაანახა, რომ ხელისუფლებას, საკანონმდებლო თუ აღმასრულებელ დონეზე, საკუთარ მოსახლეობასთან კომუნიკაცია აკლია, რაც ძალიან დიდი შეცდომაა და გამოსასწორებელია არა მხოლოდ არჩევნების მეორე ტურამდე, არამედ მის შემდეგ განსაკუთრებით.

როგორც ზვიად ძიძიგურმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, მთავრობაში კადრების ცვლას აზრი არ ექნება, თუ მოსახლეობასთან ურთიერთობის პოლიტიკა არ შეიცვალა.

​მისივე თქმით, მეორე მხრივ ადამიანები, რომლებიც არჩევნებზე 28 ოქტომბერს არ მივიდნენ, დარწმუნდნენ, რომ მათი არმისვლა ნიშნავს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კანდიდატის გამარჯვებას, ეს კი საქართველოს პერსპექტივაში ნიშნავს რევანშს და არასტაბილურობას, “რაც ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად არ აწყობს. აქედან გამომდინარე ამომრჩევლის მოტივაცია არის გაზრდილი”, – აცხადებს ძიძიგური.

მისივე თქმით, ​არჩევნების მეორე ტურის შემდეგ სახელისუფლებო პარტია “ქართული ოცნება” შეცვლის თავის სტრატეგიასაც და ტაქტიკასაც. მოსახლეობასთან კომუნიკაცია უნდა გახდეს იმაზე აქტიური ვიდრე ეს იყო ბოლო 1,5 წლის განმავლობაშ.

“დარწმუნებული ვარ, რომ რეალობა, რომელიც დადგა პირველი ტურის შემდეგ,  კარგად არის ჩვენი მოსახლეობისთვის ცნობილი. ეს რეალობა არის ის, რომ არჩევნებში არ მისვლის შემთხვევაში, ქვეყანაში შესაძლოა სააკაშვილის ხელისუფლების რევანში ვიხილოთ, რაც სტაბილურობისთვის სერიოზული საფრთხის შემცველია. არავის აქვს ეჭვი, რომ ქვეყანაში რადიკალიზაცია და არეულობა სწორედ სააკაშვილის ინტერესებში შედის. ახლა ის ამტკიცებს, რომ უკვე დაჭვკიანდა და ამის გამკეთებელი არ არის. შეგახსენებთ ერთი წლის წინ უკრაინაში მის საქმიანობას, სადაც ჩასული იყო როგორც პოლიტიკური ფიგურა. მას მისცეს პოლიტიკური რეაბილიტაციის საშუალება და სწორედ პოროშენკოს წინააღმდეგ წამოიწყო ისეთი რადიკალური ქმედებები, რაც პირველ რიგში ხელს აძლევდა რუსეთს. ეს დამთავრდა იმით, რომ მან საზღვრებზე ძალით შეჭრა დაიწყო, სახურავებზე სირბილი, შემდეგ თვითონ ყვებოდა, როგორ სცემა რამდენიმე სპეცრაზმელს. უკრაინაში ის პერსონა ნონგრადად არის გამოცხადებული და გამოაძევეს იქიდან. ეს არის ფაქტი და არა მოგონილი ზღაპრები. არჩევანი ჩვენი გასაკეთებელია, გვინდა თუ არა ასეთ მდგომარეობაში დაბრუნდეს ჩვენი ქვეყანა”, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა მთავარში.

 

მსგავსი თემები