კორონავირუსის გამო, სტომატოლოგიურ კლინიკებს მუშაობა შეეზღუდათ

ჯანდაცვის სამინისტრომ გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც, სტომატოლოგიურ კლინიკებს, გარდა მწვავე შემთხვევებისა, მუშაობა შეეზღუდათ. 

“ეს რეკომენდაცია ეხება სტომატოლოგიური სერვისების მიმწოდებელ ყველა დაწესებულებას. გამომდინარე იქიდან, რომ სტომატოლოგია მაღალი რისკის შემცველი საქმიანობაა, პირველ მაისამდე გადაიდო გეგმიური ვიზიტები. ეს არ ეხება გადაუდებელ შემთხვევებს”, – განაცხადა სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ქეთი გოგილაშვილმა.

მისი თქმით, კლინიკებმა ყველა ტიპის პაციენტი უნდა მიიღოს, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანებიც.

“სტომატოლოგებს მოვუწოდებ, ყველა ტიპის პაციენტი მიიღონ. ინფიცირებული ადამიანები, რა თქმა უნდა, კლინიკებმა უნდა მივიღოთ. აქ არის ძალიან მკაცრად განსაზღვრული რეკომენდაციები და ინფექციების გადაცემის მკაცრი პრევენციული ღონისძიებებიც უნდა ჩატარდეს. გვაქვს სპეციალური ეკიპირება, ინდივიდუალური საშუალებებით. დაინფიცირებული პაციენტი როდესაც კლინიკაში შემოდის, შემოსვლისთანავე უნდა მოხდეს ხელების ჰიგიენური გზით დამუშავება; უნდა გაუკეთდეს ნიღაბი; სოციალური დისტანცია უნდა იყოს დაცული, უნდა შეიზღუდოს მისი მოძრაობა და სასწრაფოდ უნდა შეიყვანონ იმ სტომატოლოგიურ კაბინეტში, სადაც მხოლოდ ერთი სტომატოლოგიური სავარძელია და რომლის კარიც მჭიდროდ იხურება. ისე უნდა იყვნენ შეფუთული როგორც პაციენტი, ისე ექიმი, რომ კანი არ ჩანდეს”, – განაცხადა ქეთი გოგილაშვილმა.

სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა ის სიმპტომებიც ჩამოთვალა, რომლის დროსაც უნდა მიაკითხოთ სტომატოლოგიურ კლინიკებს. ესენია: ​სისხლდენა, ნებისმიერი ტრავმა (ბზარი, კბილის მოტეხილობა და ა.შ.), შეშუპება, ტკივილი. ერთი სიტყვით, ყველა ის კლინიკური ნიშანი, რომელიც სწრაფ დახმარებას მოითხოვს. 

მსგავსი თემები