„იჯარით არ აქვთ ეს ტერიტორია აღებული ან პრივატიზებული“ – დეკანოზი ტერიტორიის ბანერებისგან გაწმენდას ითხოვს

“პოლიციის წარმომადგენლებს ვთხოვ აიღონ ყველა ის ბანერი რომელიც აქ არის განთავსებული და მოძებნონ შესაბამისი ადგილი,” – აღნიშნული განცხადება, სასულიერო პირმა, დეკანოზმა დავით ისაკაძემ, საქართველოს პარლამენტის წინ, „ეროვნულების“ აქციის მიმდინარეობისას გააკეთა.

დეკანოზმა, პოლიციელებს დრო მისცა იმისთვის, რომ ბანერები, რომელზეც, შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნებია დატანილი სხვა ადგილას გადაიტანონ.

“ჩვენს ქალაქში, უკვე მერამდენე დღეა, მიმდინარეობს, არ ვიცი რა ხასიათის გამოსვლები. თუ კონცერტი, პოეზიის საღამოები უნდათ, არის ამისთვის შესაბამისი ადგილები და იქ გამართონ. ეს არის ჩვენი ქალაქი, ისევე როგორც მათი. თავისუფლად სეირნობა გვინდა და არა პროვოკაციები იმისათვის, რომ ადამიანები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ამიტომ, პოლიციის წარმომადგენლებს ვთხოვ, აიღონ ყველა ის ბანერი, რომელიც აქ არის განთავსებული და მოძებნონ შესაბამისი ადგილი. იჯარით არ აქვთ ეს ტერიტორია აღებული ან პრივატიზებული. როგორც მათ აქვთ უფლება, ერთი დღე გამართონ აქ აქცია, ჩვენც გვაქვს ეს უფლება და არ მინდა, რომ ამ ბანერების ფონზე ჩავატაროთ აქცია. პოლიციელებს გთხოვთ, რამოდენიმე წუთში დაიწყოთ დემონტაჟი ამ მარაზმის,” – განაცხადა დეკანოზმა დავით ისაკაძემ.

მსგავსი თემები