იჭრება კლდის ნაწილი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს საძირკველი ეცლება

ორგანიზაცია “ტფილისის ჰამქარი” იტყობინება, რომ თბილისში, მთაწმინდაზე არსებული წმიდა მოწამე მიქაელის სახელობის ტაძართან, რამდენიმე დღეა, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. იჭრება კლდის ნაწილი. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს ფაქტობრივად ეცლება საძირკველი, ხოლო  ახალი შენობა სარისკო გრუნტზე უნდა აშენდეს.

როგორც “ტფილისის ჰამქარში” აცხადებენ, აღნიშნულ სამუშაოებზე ნებართვა თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურმა გასცა, პროექტი შეთანხმებულია. 

“სინამდვილეში, გარდა იმისა, რომ ტვერელის ეკლესია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მას კანონით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ, ფიზიკური და ვიზუალური დაცვის არეალი აქვს, ამასთანავე, აღნიშნული ტერიტორია შედის თბილისის ისტორიული ნაწილის სახელმწიფო დაცვის ზონაში, რომელსაც სხვანაირად მკაცრი დაცვის ზონად მოიხსენიებენ! ეს ე.წ კანონიერი გადაწყვეტილება არის უპასუხისმგებლო და ქალაქის ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება! შედეგად ვიღებთ, ისტორიული ქალაქის აღქმის გაუარესებას, საფრთხეს ვუქმნით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რომელსაც საძირკველი ფაქტობრივად გამოცლილი აქვს, ვაშენებთ სარისკო გრუნტზე და საზოგადოებას ვუტოვებთ პროტესტის გამოხატვის უკიდურეს ფორმას!”, – აცხადებენ “ტფილისის ჰამქარში”. 

აღსანიშნავია, რომ ტვერის მთავრის, წმიდა მოწამე მიქაელის სახელობის ტაძარი 1911-1913 წლებში იმპერატორ ნიკოლოზ II-ის ძმის, დიდი თავადის – მიხეილ რომანოვის ინიციატივით აშენდა. 

მსგავსი თემები