“იცურე მშვიდად” – მოსწავლეების კიდევ ერთი აქცია თბილისის ზღვაზე

დღეს, 09:00 საათიდან 11:00 საათამდე CENN-ის საზაფხულო მწვანე ბანაკის მონაწილე მოსწავლეები კიდევ ერთ აქციას გამართავენ თბილისის ზღვაზე, ე.წ. ჩანჩქერთან, სადაც მდინარე არაგვი თბილისის წყალსაცავს უერთდება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, თბილისის მერია ვალდებულია, ზღვასთან დაამონტაჟოს გამაფრთხილებელი ნიშნები და ააშენოს კედელი, რათა, უსაფრთხოების მიზნით, მასზე გადასვლა ვერავინ შეძლოს. 

“თბილისის ზღვაზე, სადაც მოსწავლეთა აქცია იმართება, წლების განმავლობაში რამდენიმე ადამიანია დამხრჩვალა, მათ შორის – ბავშვები. ამის მიუხედავად, თბილისის მერია ჯიუტად არ ამონტაჟებს გამაფრთხილებელ ბანერებს. დღემდე არ აღსრულებულა 24 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც დაკმაყოფილდა ორი დაზარალებული ოჯახის ადმინისტრაციული სარჩელის მოთხოვნები და მერიას თბილისის ზღვაზე, ე.წ. ჩანჩქერის ტერიტორიაზე, გამაფრთხილებელი ბანერების დამონტაჟება დაევალა. მერიას ასევე ევალება არხის ზოლზე 2.5 მეტრის სიმაღლის კედლის მოწყობა, რათა მასზე გადასვლა ვეღარ შეძლონ.

ნიკო კეცხოველის პრემიის მონაწილე მოსწავლეთა აქციის ადრესატები კვლავ არიან ერთი მხრივ, მოქალაქეები, რომლებიც ამ ადგილის საშიშროების შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ფლობენ და მეორე მხრივ, თბილისის მერია, რომელიც პასუხისმგებელია ქალაქის ტერიტორიაზე წყლის ობიექტებზე მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვაზე“, – ნათქვამია ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები