“იცოდი, რომ სულხან მოლაშვილს აწამებდნენ, რატომ დგახარ იმ ადამინებთან?”- კახაძე შავგულიძეს

„ხომ იცოდი, რომ სულხან მოლაშვილს აწამებდნენ, ხომ იცოდი, ვინ აწამებდა, რატომ დგახარ იმ ადამიანებთან“- ამ შეკითხვით მიმართა „ქართული ოცნების“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლადო კახაძემ მის ოპონენტ შალვა შავგულიძეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გამართულ დებატებში.

„მე და შენს შორის სულხან მოლაშვილის სულია, ჩემი ძმაკაცის, უმცროსი მეგობრის და ძალიან ახლობლის. ახლა გეკითხები,ხომ იცოდი, რომ სულხან მოლაშვილს აწამებდნენ, ხომ აქვს ნათქვამი, რომ მაწამებდაო, ხომ იცოდი ვინც აწამებდა იმის სახელი და გვარი, რატომ დგახარ იმ ადამიანებთან, რომლებსაც სისხლი აქვთ და ეს სისხლი არასოდეს ჩამოიბანება მათი სახიდან. ვერც შენნაირი წესიერი კაცი იმ სისხლს ვერჩამობანს. ახლა უპასუხე მოსახლეობას, რატომ დგახარ იქ?”- განაცხადა ლადო კახაძემ.

დებატებში მონაწილე ოპონენტის, შალვა შავგულიძის შეკითხვაზე, ემსახურება თუ არა ქვეყანაში სამართლის დამკვიდრების მიზანს გირგვლიანისა და მოლაშვილის საქმეთა მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა და მათთვის სასამართლო ხელისუფლების ჩაბარება, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, ლადო კახაძემ განაცხადა, რომ სასამართლოს გათავისუფლებამ შედეგი გამოიღო და მაგალითად, ზაზა სარალიძის მოკლული შვილის, დავით სარალიძის საქმე მოიყვანა.

„სასამართლოს გათავისუფლებამ შემდეგი შედეგი გამოიღო – ზაზა სარალიძის უბედურების დროს საქართველოს სასამართლოს პირველივე ინსტანციამ არ მიიღო პროკურატურის შეთავაზება და არ წავიდა იმ ყაიდაზე, რაც თქვენი ხელისუფლების დროს ხდებოდა, როცა პროკურატურა სასამართლო ხელისუფალს თავის ჭკუაზე ატარებდა. სააპელაციო სასამართლომ კიდევ უფრო გაამკაცრა და საქმე სრული ჭეშმარიტების გზაზე მოატრიალა. ეს გააკეთა ამ სასამართლო ხელისუფლებამ, რომელსაც სტრასბურგი არ დასჭირვებია და არც იმდენი დრო დასჭირვებია, რამდენიც მაშინ სჭირდებოდა, როცა ხუთი, თუ ექვსი წელიწადი სად და სად არ დადიოდით. გაწეული შრომისთვის დიდი მადლობა. ამას არასოდეს დაგიკარგავთ, მაგრამ თქვენი ქმედებით იმას ეწინააღმდეგებით, რასაც ახლა მე მელაპარაკებით“, – განაცხადა კახაძემ.

მსგავსი თემები