“იყო რამდენიმე საკითხი, რომელიც იმსახურებს მადლიერების გამოთქმას” – ცქიტიშვილი ბახტაძეზე

დეპუტატი, დიმიტრი ცქიტიშვილი დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, იმ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს შეეხო, რომელიც მამუკა ბახტაძის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში ქვეყნის მთავარ გამოწვევად რჩებოდა.

დეპუტატის თქმით, ის თამამი ნაბიჯები, რაც ბახტაძემ გადადგა, მადლობას იმსახურებს.

“ბუნებრივია, ნებისმიერი მთავრობა, ნებისმიერი ხელისუფალი შეიძლება აკრიტიკო და ბუნებრივია, ჩვენს მთავრობასა და მის კონკრეტულ შემადგენლობასაც ძალიან ბევრი საკრიტიკო ჰქონდა, რომელიც არასოდეს დაგვიშურებია. მაგრამ იყო რამდენიმე საკითხი, რომელიც ჩემი მხრიდან და დარწმუნებული ვარ, კოლეგებიც დამეთანხმებიან, იმსახურებს მადლიერების გამოთქმას ამ ადამიანის მიმართ, რომელმაც თამამი ნაბიჯები გადადგა.

კონკრეტულად ითქვა და კიდევ ერთხელ ვიტყვი – საბანკო სექტორი. ბუნებრივია არავინ შეიძლება იყოს საბანკო სისტემის წინააღმდეგი, მაგრამ პასუხისმგებლიანი საბანკო სექტორის პრინციპების დანერგვა და ასეთი თამამი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც გადაიდგა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ეს აუცილებლად მოიტანს გარკვეულ შედეგებს უახლოეს მომავალში. მესმის ისიც, რომ შესაძლებელია ასეთ თამამ ნაბიჯებს გარკვეული რისკები და ხარვეზებიც მოჰყვეს, მაგრამ ეს იმ პროცესის შემადგენელია, რომელიც ნებისმიერ თამამ გადაწყვეტილებას თან სდევს.

განათლების საკითხი – რომელიც ყველა მთავრობის, ყველა ქვეყანაში, ნებისმიერი საუბრის თემაა, მაგრამ ჩვენთან სამწუხაროდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები ვერც ერთი მთავრობის დროს ვერ გადაიდგა და დღეს, ჩვენ შევძელით ის, რომ მანკიერი წრე დაგვერღვია და როგორც მინიმუმ, საშუალო განათლების სისტემაში დაგვეწყო ის ფინანსური ინვესტიციები ისეთი ფორმით, რომ გახდეს პრესტიჟული საშუალო განათლება, გახდეს პრესტიჟული სამასწავლებლო პროფესია და დაიწყოს ადამიანების მომზადება უფრო ძლიერი ასე ვთქვათ, ადამიანური კაპიტალის განვითარება და განათლების მიღებისთვის უფრო ძირეული საფუძვლების შექმნა.

შრომითი უფლებების დაცვა ძალიან ჩამორჩენილია საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური დაცვის თვალსაზრისით იყო სერიოზული პროგრესი და აქაც მინდა ბატონ მამუკას მადლობა გადავუხადო. ჩვენ შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი მივიღეთ მანამ, სანამ ის გახდებოდა პრემიერ-მინისტრი, თუმცა, ფინანსთა მინისტრობის პერიოდში მას მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ გამოუთქვამს და მთავარი ის არის, რომ აღსრულების პროცესი, რომელიც ძალიან რთულია, რომელიც ნელა მიდის, რომელსაც წინააღმდეგობები აქვს, მას ამ საქმეში ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ყოველთვის მიგვრძნია ბატონი მამუკას მხრიდან. და დღესაც, როდესაც ჩვენ ასობით სამშენებლო ობიექტი შევამოწმეთ, დაახლოებით, 150- 200 ობიექტს შეჩერებული აქვს საქმიანობა და რამდენი ადამიანი გადავარჩინეთ ამას ვერასდროს ვერ დავთვლით, მაგრამ მაინც გადავარჩინეთ. ეს აუცილებლად, საბოლოო ჯამში, გამოჩნდება წლის შედეგებში, როდესაც რეალური სტატისტიკა გვეცოდინება და ამაში ცალსახად მერიასთან, კახა კალაძესთან ერთად, ბატონმა მამუკამ დაგვიჭირა მხარი და შევქმენით ინტეგრირებული მონიტორინგის ჯგუფები, რომელიც უკვე და რამდენიმე თვეა მუშაობენ“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

მსგავსი თემები