“იქ, სადაც სიტყვა ცალმხრივია, სამართალი სელექციური და ოპოზიცია მიკერძოებული… რეალობას გაუსწორეთ თვალი!” – ეკა გულუა

“იქ, სადაც სიტყვა ცალმხრივია, სამართალი სელექციური და ოპოზიცია მიკერძოებული… რეალობას გაუსწორეთ თვალი!

მურთაზ ზოდელავა აცხადებს, ერთი თმის ღერი არ ჩამოვარდნია ოპოზიციის აქციებით არავისო. ბატონო მურთაზ, თმის ღერი რა მოსატანია ერთ თავისუფალ მედიასაშუალებასთან მიტანილ იერიშზე, რომელზეც თქვენმა მომხრეებმა განახორციელეს მიზანმიმართული იერიში მანამ, სანამ ოფისის დაცლა არ მომიწია. რატომ? იმიტომ რომ თქვენი მომხრეებისთვის მისაღები მხოლოდ სასურველი ხმა და გზავნილებია. რეალურად, გამოვიდა, რომ მედია ერთ კარში მოთამაშე ფორვარდირის თამაშია? შედეგადაც ქუჩაში აღმოჩნდა გაურკვეველი ბედით. მერე რა, ერთი თავისუფალი მედია თუ ერთი ადამიანის ბედი რა სალაპარაკოა, როდესაც თქვენს მომხრეებს ერთი თმის ღერი არ ჩამოვარდნიათ, არადა, როგორ კარგად იცით ხოლმე საუბარი მედიისთვის, რომ მედია თავისუფალი უნდა იყოს, რომ ჩვენი გეზი ევროპულია და რომ ხსნა მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობაა.

ეს საზოგადო რიტორიკა, თორემ, რეალურად, მთავარი ყოფილა თქვენი მომხრეების თავზე შერჩენილი თმის ღერო. ასე, ღეროვანი უჯრედების დონეზე მედიის არსი რომ გაგეაზრებინათ არც თქვენს დროს იქნებოდა ურიგო და არც ახლა, რომ მედია უნდა იყოს თავისუფალი და თავისუფლება გულისხმობს ინფორმაციის თავისუფლად გავრცელებას, რამდენად მიუღებელია არ უნდა იყოს ეს ინფორმაცია თქვენთვის. რომ მხოლოდ თავისუფალ მედიას შეუძლია სამოქალაქო საზოგადოების შექმნა, იქ სადაც მხოლოდ თქვენს მომხრეებს კი არა, არცერთ მოქალაქეს თმის ღერი არ უნდა ჩამოუვარდეს თავიდან მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ხმა თქვენსას ეწინააღმდეგება.

ასე რომ, გამოდით ვიწროპარტიულ ფეოდალური რიტორიკიდან და რეალობას გაუსწორეთ თვალი. აზრი, სიტყვა, მოსაზრება შესაძლოა, განსხვავებული გვაქვს, მაგრამ ქვეყანა ერთია და ამ ერთ ქვეყანაში (მო)გვიწევს ყველას ცხოვრება. პოლარიზებული მედიის გარდა არსებობს მედია, რომელიც მხარე კი არა, უბრალოდ საშუალებაა ადამიანებმა საკუთარი აზრი დააფიქსირონ. იქ, სადაც სიტყვა ცალმხრივია, სამართალი სელექციური და ოპოზიცია მიკერძოებული, საკუთარი მედია-მხარის „თმის ღეროზე“ მოფიქრალი, მერწმუნეთ რომ გამარჯვებული არავინ იქნება. მხოლოდ სიტყვის თავისუფლებას ძალუძს ოპოზიციური დისკურსის კონსტრუქციულობა. ასეთი იყო „მედიაცენტრი მთავარი“ და მიმაჩნია, რომ სწორედ ესაა მთავარი – ყველას ჰქონდეს სიტყვის უფლება. სხვაგვარად ბოლშევიზმი, ფაშიზმი და ათასი იზმი გარდაუვალია”, – „მედიაცენტრი მთავარის“ რედაქტორი, ჟურნალისტი ეკა გულუა.

მსგავსი თემები