“იქნება თუ არა კატეგორიული მოთხოვნა, საქართველოს ქუჩებში პრაიდები ჩატარდეს?” – ჯაღმაიძის კითხვა ევროპელ პოლიტიკოსებს

„ჩვენ ვხედავთ ქართული საზოგადოების პოლარიზაციას ლგბტ პრაიდის საკითხზე. ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოში ლგბტ ხალხის წინააღმდეგ არ არსებობს აგრესია მანამ, სანამ ისინი საკუთარი ცხოვრების წესის დემონსტრირებას არ იწყებენ. გვაინტერესებს, იქნება თუ არა კატეგორიული მოთხოვნა, რომ საქართველოს ქუჩებში მსგავსი პრაიდები ჩატარდეს?”, – ამ კითხვით საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილე ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებს მიმართა.

დეკანოზს შვედეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კერსტინ ლუნდგრენმა ასე უპასუხა:

„ჩვენთვის ეს არის ადამიანის თავისუფლების ფუნდამენტურ უფლებებთან დაკავშირებული საკითხი და იქნება ეს რელიგიური თუ ეთნიკური, პოლიტიკური თუ სექსუალური უმცირესობების შესახებ საკითხები, ეს არის ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული. ეს ყველაფერი გულისხმობს, თუ როგორ უნდა შევქმნათ ტოლერანტული საზოგადოება. აი, ეს არის მთავარი მიზანი, ყველა ამ პრინციპის გათვალისწინებით“, – განაცხადა ლუნდგრენმა.

აღნიშნულ კითხვას გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა ევროპის საკითხებში, მიხაელ როთიმაც უპასუხა:

“მე მირჩევნია გულღია და გულწრფელი საუბარი. რელიგიური ადამიანი ვარ და ჩემი ეკლესიის ერთგული ვარ და მესმის, რომ არის გარკვეული გაუგებრობები და ეს გაუგებრობები რუსი პოლიტიკოსებისგანაც მომდინარეობს. ადამიანის ფუნდამენტური უფლებები არასდროს არ უნდა განვასხვავოთ. ეკლესიისთვისაც უმნიშვნელოვანესია, რომ გავაძლიეროთ საზოგადოებები, რომლებიც მუდმივად პატივისცემას, ტოლერანტობას გამოხატავს უმცირესობების მიმართ. არ არსებობს გასასამართლებელი საბუთი არც რელიგიური წრეების წარმომადგენლებისგან, რომ დავადანაშაულოთ სექსუალური უმცირესობები. ეს არის სრულიად და ტოტალურად მიუღებელი“, – აღნიშნა როთიმმა.

​სექსუალურ უმცირესობათა უფლებებზე კონფერენციაში მონაწილე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზოჰრაბ მნაცაკიანიანმაც ისაუბრა.

„დღეს ჩვენ ვერ გავექცევით ამ საკითხებზე მსჯელობას. ჩვენ ვცდილობთ ვიპოვოთ ის ახალი მეთოდები, რომლის მეშვეობითაც გადავალთ განზოგადებული დებატებიდან კონკრეტულზე. ამიტომ გვჭირდება ექსპერტული ცოდნის დაგროვება სამოქალაქო საზოგადოებაში, რომ შემდეგ ეს საყოველთაო ღირებულებები დავამკვიდროთ.

ჩვენ უნდა შევახსენოთ ჩვენს თავს, რომ ვსაუბრობთ ადამიანის უფლებებზე, ჩვენ ვსაუბრობთ იმ ღირებულებაზე, რომ ადამიანი ხარ. ჩვენს შემთხვევაშიც იყო გარკვეული დისკრიმინაციის ფაქტები, როცა ადამიანებს დევნიდნენ რწმენის გამო და მე მიმაჩნია, რომ არანაირი საფუძველი არ უნდა გააჩნდეს დისკრიმინაციის რომელიმე ფორმას.

არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ დასავლური აზროვნება გვაქვს თუ აღმოსავლური. როცა სომხეთი შევიდა ევროსაბჭოში, ჩვენ მაშინ განვიხილეთ ეს საკითხი სერიოზულად. თუ ვინმე ტრადიციული შეხედულებით მიიჩნევს, რომ დისკრიმინაცია მისაღებია, რა თქმა უნდა, ჩვენ ეს უნდა დავგმოთ და ეროვნული დებატის დონეზე უნდა ავიყვანოთ ამ თემებზე მსჯელობა. ფუნდამენტურ საკითხებზე უნდა გვქონდეს ერთიანი შეთანხმება.

რატომ არ ვსაუბრობთ სხვა ჯგუფებზე და, მაინცდამაინც, აქცენტს ვაკეთებთ ლგბტ ჯგუფებზე? ჩვენ ყველას ერთნაირად უნდა ველაპარაკოთ, სადაც კი ვხედავთ, რომ ადამიანის ფუნდამენტური უფლებები ირღვევა“, – განაცხადა მნაცაკიანიანმა.

მსგავსი თემები