იუსტიცია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს, დაზარალებული ბიზნესმენი სტრასბურგში მიდის  

საქართველოდან სტრასბურგში კიდევ ერთი საქმე გაიგზავნება. საქმე ეხება დოკუმენტების გაყალბებით წართმეულ ბიზნესს. დაზარალებულმა სასამართლოში 4 წელი იდავა, ყველა ინსტანცია მოიგო, თუმცა, საჯარო რეესტრი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარს აცხადებს. აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით, დაზარალებულმა ვახტანგ სვანაძემ, ადვოკატთან ერთად, „მედაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენცია გამართა.

როგორც ვახტანგ სვანაძემ განაცხადა, სწორედ ყოფილი ბიზნეს ომბუდსმენის, გიორგი გახარიას რეკომენდაციით დაიწყო სასამართლო დავა, თუმცა, სულ ტყუილად.

„საჯარო რეესტრი უარს ამბობს, აღასრულოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება მის მიერ სამივე ინსტანციაში ოთხწლიანი დავის პირწმინდად  წაგების მიუხედავად. სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ცხადია, იუსტიციის მინისტრის მითითების ან ნებართვის გარეშე  აღნიშნულს ვერავინ გაბედავდა. ამ დანაშაულებრივი ქმედებით საჯარო რეესტრი ასრულებს დაინტერესებული ბიზნეს ჯგუფის უკანონო დაკვეთას, კერძოდ შეუძლებელი გახადოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება. 4 წელი ვიბრძოლეთ, სულ ტყუილად? რისთვის ვიბრძოლეთ თუ სასამართლოს გადაწყვეტილება არ აღსრულდებოდა?ჩარეულია მძლავრი ფინანსური დაჯგუფების ინტერესები“ – განაცხადა დაზარალებულმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე ინფორმაციითა და წარმოდგენილი მტკიცებულებებით, 2015 წლის 1 ოქტომბერს საჯარო რეესტრის თავჯდომარე პაპუნა უგრეხელიძემ მიიღო დანაშაულებრივი გადაწყვეტილება და დაინტერესებული კონკურენტი ბიზნეს ჯგუფის  მიმართვის საფუძველზე სს „კავკასრეესტრის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები და დირექტორი შეცვალა ისე, რომ არ არსებობდა  ცვლილების კანონიერი საფუძველი, რაც დაადასტურა სამივე ინსტანციის სასამართლომ.

„ამით, მან, თავი კანონზე მაღლა დააყენა, ვინაიდან იგნორირება გაუკეთა კანონმდებლობას, აქციონერთა გადაწყვეტილებას, კრების აუდიო ჩანაწერს, კრების თავმჯდომარისა და ოქმის შემდგენელი ნოტარიუსის წერილებს. საჯარო რეესტრმა აღნიშნული არ იკმარა და თავისივე ინიციატივით გააუქმა სს „კავკასრეესტრის“ რეგისტრირებული ბოლო წესდება, რომელიც მისი გადაწყვეტილების უკანონობას ადასტურებდა. მისი ამ ქმედებების შესახებ ეცნობა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს და გენერალურ ინსპექციას, იმჟამინდელ ბიზნეს ომბუდსმენს ბ-ნ გიორგი გახარიას, მაგრამ უშედეგოდ. ამ უკანონო გადაწყვეტილების დამკვეთებმა კი დაიწყეს კომპანიის განადგურება და დღეს მისი მეოთხედიც აღარ არის დარჩენილი. ეს არის ორკესტრირებული შეტევა სახელმწიფო უწყებების მხრიდან იმისათვის, რომ ერთი კონკურენტი ორგანიაზაცია მეორე კონკურენტ ორგანიზაციას დაეპატრონოს. საქმე ეხება ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორ კომპანიას, რომელიც ყველაზე მძლავრი ორგანიზაცია იყო 2015 წლამდე. საჯარო რეესტრის დანაშაული კი ის, არის, რონ გაყალბებული დოკუმენტებით, კომპანია სხვა პირებზე დაარეგისტრირა“, – აღნიშნა სვანაძემ.

როგორს საქმის მასალებიდან იკვეთება, უზენაესმა სასამართლომ ბათილად სცნო საჯარო რეესტრის ყველა გადაწყვეტილება  და  მანამდე არსებული მონაცემების აღდგენა დაავალა.  20 დეკემბერს საჯარო რეესტრს წარედგინა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება მისი აღსრულების მოთხოვნით, თუმცა, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება არ სრულდება.

დაზარალებული პრემიერ-მინისტრს მიმართავს და საქმის სტრასბურგში გაგზავნას გეგმავს.

„მივმართავთ თხოვნით საქართველოს პრემიერ მინისტრს, პარლამენტს,  პრეზიდენტს, ყველა სამთავრობო და არასამთავრობო უფლებადამცველ ორგანოებს, მედიასაშუალებებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს, განახორციელონ შესაბამისი რეაგირება და უკანონო ქმედებების აღკვეთა,“ – აცხადებს დაზარალებული „მედიაცენტრ მთავართან“.     

დაზარალებულის ადვოკატის განცხადებით, კი, საქმე სტრასბურგის სასამართლოში აუცილებლად წავა.

„იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ საქართველოში ვერ მივაღწევთ სამართალს,  უნდა მივმართოთ სტრასბურგის სასამართლოს.  სხვა ბერკეტი აღარ არსებობს. ესაა სამწუხარო ფაქტი, როდესაც მის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებას არ ასრულებს საჯარო რეესტრი. მოთხოვნაა, საჯარო რეესტრმა შეასრულოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება და ბათილად ცნოს, მის მიერ რეგისტრირებული სამეთვალყურეო საბჭოს წევრები და დირექტორ. საქართველოში, სხვა ინსტანცია უბრალოდ არ არსებობს“ – განაცხადა ადვოკატმა უჩა ქირიამ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები