კომიტეტში, ეკას და ვანოს ჯგუფებს შორის დაპირისპირება აშკარა იყო – ზაქარია ქუცნაშვილი

​საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტის იურიდიული ​კომიტეტის შიგნით დაპირისპირება დიდი ხანია არსებობს და თვალსაჩინო იყო კომიტეტში 2, დაპირისპირებული ჯგუფის არსებობა.

“იურიდიული კომიტეტში შიგნით იყო დაპირისპირება ეკას ბესელიასა და ვანო ზარდიაშვილის ჯგუფებს შორის. ამას მოწმობს კომიტეტის სხდომების დემონსტრაციულად დატოვება, სხდომების ჩაშლა, ხშირად იყო კინკლაობის შემთხვევები. ამის მიზეზები თვითონ უნდა თქვან”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე.

იგი მმართველ პარტია “ქართულ ოცნებაში” ე.წ ძველ და ახალ გვარდიას შორის დაპირისპირებაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ეს არ არის თაობათა შორის დაპირისპირება. ეს არის დაპირისპირება მმართველობის წესებთან დაკავშირებით. დეპუტატების ნაწილი მეტ ჩართულობას, მეტ გამჭვირვალობას და მთავრობასა და პარლამენტს შორის მეტ კომუნიკაციას ითხოვენ. მათ შორის, აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილი მოსამართლეების სიის შემჭიდროვებულ ვადებში განხილვას. დეპუტატების ნაწილი ამბობდა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სერიოზული განხილვები გამართულიყო. ხოლო მეორე ნაწილი მზად იყო, უკვე არსებული მონაცემების საფუძველზე დაეწყოთ განხილვა.

“მოსამართლეების სიასთან დაკავშირებით, დეპუტატების ნაწილი მოითხოვდა, ჯერ კრიტერიუმების შემუშავებას და მხოლოდ შემდეგ კანდიდატების განხილვას. იყო ხალხი, რომლებიც მზად იყვნენ, უკვე არსებული მონაცემების საფუძველზე დაეწყოთ განხილვა. პარტიაში ორ ფილოსოფიას შორის არის ჭიდაობა, რაც პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილმა გუშინ დაადასტურა. მან თქვა, რომ პარლამენტსა და მთავრობას შორის კომუნიკაცია გასაუმჯობესებელია. ყველა გადაწყვეტილება, რომელიც დაკავშირებული იქნება საკადრო პოლიტიკასთან, თუ პრინციპულ კანონპროექტებთან, წინასწარ უნდა იყოს შეთანხმებული და გავლილი. საპარლამენტო რესპუბლიკაა და პარლამენტის თანხმობის გარეშე გადაწყვეტილება ვერ მიიღებს კანონის ძალას. არ უნდა ჰქონდეთ დეპუტატებს იმის განცდა, რომ ისინი არიან ნოტარიუსები და არა პასუხისმგებლობით შებოჭილი და გადაწყვეტილების მიმღები ადამიანები. კომუნიკაციის ნაკლებობა იყო და ამას ადასტურებს პარტიის თავმჯდომარეც”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა “მთავარში“.

მსგავსი თემები