„ის შეწყალება მწარე გაკვეთილი იყო პრეზიდენტისთვის, მორატორიუმი მალე შეწყდება“ – ზვიად ძიძიგური

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგურმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე მამა გიორგის შეწყალების საკითხზე ისუაბრა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული მორატორიუმი მალე შეწყდება.

„მინდა, გამოვხატო პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ პატივისცემა. დარწმუნებული ვარ, ის ნაკლოვანებები, რაც ვნახეთ განსაკუთრებით შეწყალების გახმაურებულ საქმეებში, როდესაც სრულიად მიუღებელი ტიპის შეცდომები გაიპარა, დარწმუნებული ვარ, ეს იყო მწარე გაკვეთილი ჩვენი პრეზიდენტისთვის. ყველა პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ქვეყანაში და რომელიც საზოგადოებას ეხება, უნდა იყოს გამჭვირვალე და საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერილი. ის მორატორიუმი, რაც პრეზიდენტმა გამოაცხადა, მალე შეწყდება და შეწყდება იმით, რომ ჩვენ ყველანი გავიგებთ როგორი ტიპის სქემით, სტრუქტურით აპირებს პრეზიდენტი მისი კონსტიტუციური უფლებამოსილების შეწყალების ნაწილში განხორციელებას“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

რაც შეეხება საპატრიარქოს გადაწყვეტილებას, შუამდგომლობით  მიმართოს პრეზიდენტს მამა გიორგის შეწყალებასთან დაკავშირებით, დეპუტატმა აღნიშნა, რომ ეს პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა.

„იმედია, მორატორიუმი მალე დასრულდება და დასრულდება კონკრეტული პასუხით, თუ შეწყალების პროცედურა როგორ ვითარებაში და რა სტრუქტურის მიერ იქნება განხორციელებული. ვიცი, რომ პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს და იუსტიციის მინისტრს ამ თემაზე ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდათ. კონკრეტული შეწყალება კი თავად პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა“.

მსგავსი თემები