„ის მხოლოდ ფორმალურად ირიცხებოდა უმრავლესობასა და ფრაქცია „ქართული ოცნებაში“ – მამუკა მდინარაძე

„უფრო ადრე უნდა წასულიყო უმრავლესობიდან, რადგან შიგნითაც და გარეთაც განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებდა. ლევან კობერიძე ფორმალურად ინარჩუნებდა უმრავლესობის წევრის სტატუსს და უმრავლესობიდან წასვლა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვას დაამთხვია“,- ასე აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, ლევან კობერიძის საპარლამენტო უმრავლესობიდან წასვლას.

მდინარაძეს მიაჩნია, რომ კობერიძის გადაწყვეტილებაში უჩვეულო არც არაფერი მომხდარა.

„ლევანს არ გაუკვირდება, თუ ვიტყვი, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში, მხოლოდ ფორმალურად ირიცხებოდა უმრავლესობასა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ რიგებში. ძალიან სამწუხაროა, რომ მანაც გადაწყვიტა, სასამართლოს თემაზე მიება უმრავლესობიდან წასვლის საკითხი. ის რომ ფორმალურად ინარჩუნებდა უმრავლესობის წევრის სტატუსს და დღეს დაამთხვია მაინცდამაინც მესამე მოსმენას. ეს არის პოლიტიკური თამაშის ნაწილი, რომელ პოლიტიკურ თამაშშიც ჯერ ჩართული იყო თავის დროზე ეკა ბესელია, შემდეგ ოდნავ მოგვიანებით ზვიად კვაჭანტირაძე,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობა ლევან კობერიძემ დღეს დატოვა. დეპუტატის განცხადებით, მისი გადაწყვეტილება „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტს უკავშირდება. კობერიძე ამბობს, რომ საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში გააგრძელებს

მსგავსი თემები