ირაკლი ხმალაძე: „თბილისის მერიის თანამშრომლების ხელფასები არ გაზრდილა, პირიქით, შემცირდა“

თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ სახელმწიფო აუდიტის მიერ წარმოდგენილი დასკვნის საპასუხოდ, განაცხადა, რომ პარლამენტმა აუდიტის რეკომენდაციამდე ბევრად ადრე იმსჯელა საჯარო სამსახურებში, მათ შორის, მუნიციპალიტეტებში სახელფასო ფონდის რეგულირების საკითხზე და 2018 წლის პირველი იანვრიდან საჯარო სამსახურში ანაზღაურების ფორმა შეიცვალა. როგორც ხმალაძე განმარტავს, ის ანაზღაურება, რომელსაც მერის მოადგილეები, ვიცე-მერი, ისევე როგორც მინისტრის მოადგილეები, მინისტრები და თანამდებობის სხვა პირები ხელფასის, დანამატისა და პრემიის სახით მუდმივად, სისტემატურად იღებდნენ, ხელფასში გაერთიანდა და მათზე პრემია-დანამატის გაცემა აიკრძალა. შესაბამისად, აღნიშნული თანამდებობის პირების ანაზღაურება, არ გაზრდილა.

„2018 წლის პირველ იანვრამდე საჯარო სამსახურში ანაზღაურება, მათ შორის, თანამდებობის პირების – ვიცე-მერებისა და მოადგილეების, თანამდებობრივი სარგოს, პრემიისა და დანამატებისგან შედგებოდა. პრემია-დანამატებს სისტემური ხასიათი ჰქონდა, ანუ ყოველთვიურად გაიცემოდა, რაც სრულიად უსისტემო და არასწორი იყო. შეუძლებელია, ყოველთვიურად თანამშრომელი პრემია-დანამატს იღებდეს. მით უფრო, მერის მოადგილე და ვიცე-მერი. პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ძალაში 2018 წლის პირველი იანვრიდან შევიდა და ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა. ის, რასაც მუდმივად იღებს თანამშრომელი, თანამდებობრივი სარგოა, ხოლო პრემია და დანამატი უნდა გამოიწეროს განსაკუთრებული შრომისთვის, ან ზეგანაკვეთური ნამუშევარი საათების მიხედვით“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

მისივე თქმით, მერის პირველ მოადგილესა და მერის მოადგილეზე დანამატისა და პრემიის გაცემა საერთოდ აიკრძალა. ანაზღაურების რაოდენობის თვალსაზრისით, ადგილი აქვს თანხების შემცირებას 2011-2013 წლებთან შედარებითაც კი.

ვიცე-მერის ინფორმაციით, გასულ წელს დედაქალაქის ვიცე-მერის წლიური თანამდებობრივი სარგო 75 600 ლარს, ხოლო მერის მოადგილეების ანაზღაურება 73 800 ლარს შეადგენდა. 2013-2016 წლებში კი მერის მოადგილეების წლიური თანამდებობრივი სარგო 89 243-დან 101 336 ლარის ფარგლებში მერყეობდა.

მსგავსი თემები