ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუზე განმარტებებს აკეთებს 

პარლამენტის თავმჯდომარე, მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანმა ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მიერ მიცემულ ინტერვიუსთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს და აცხადებს, რომ 2008 წლის მოვლენებთან დაკავშირებით ისმებოდა  ლეგიტიმური კითხვები, არა მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის, არამედ კონდოლიზა რაისისა და რიჩარდ მაილსის მხრიდან.

ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს, აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივნის,  კონდოლიზა რაისისა და აშშ-ს ყოფილი ელჩის საქართველოში, რიჩარს მაილსის ცნობილი განცხადებები გაახსენა, სადაც ისინი ამბობდნენ, რომ მათ არაერთხელ გააფრთხილეს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომ მის ასეთ ქმედებას, აუცილებლად მოჰყვებოდა ძალიან ცუდი შედეგი. ამის მიუხედავად, სააკაშვილმა სხვანაირად იმოქმედა.

“როდესაც შენ გაქვს მოღალატეობრივი ჩანაფიქრი ან, როდესაც ხარ უბრალოდ ავანტიურისტი, ბუნებრივია, ასეთ დროს არც მეგობრის გაფრთხილებას იღებ ყურად და არც მტრის გაფრთხილებას. ეს იყო ის, რაც გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა. ეს კითხვა დაისვა მათ შორის სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ისევე, როგორც საზოგადოების სხვა წარმომადგენლების მხრიდან 2008 წელს და ამ კითხვას ძალიან ღია და მკაფიო პასუხი გასცეს ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა. იყო არაერთი გაფრთხილება და ამ გაფრთხილებების მიუხედავად, სააკაშვილმა ჩაიდინა ის დანაშაული, რომელსაც მოყვა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია “, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი აცხადებდა, რომ მაშინ საქართველო დასავლური არჩევანის გამო დაისაჯა. ამ სიტყვებში მკაფიოდ ჩანს ზურაბიშვილის პოზიცია, როგორც ქვეყნის დასავლურ ინტეგრაციასთან,  ასევე რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით.

“სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუში საუბარია იმაზე, რომ ინიციატორი კონფლიქტის და აგრესიის 2008 წელს იყო სწორედ რუსეთი, ამას ეუბნებოდა ფრანგულ გამოცემებს სწორედ მაშინ სალომე ზურაბიშვილი, ის სპეციალურად წავიდა საფრანგეთში იმისათვის, რომ ქართული სახელმწიფოებრივი პოზიციები და ინტერესები დაეცვა საზოგადოების წინაშე და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წინაშე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში აცხადებს, რომ  რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკა წლებია, ებრძვის საქართველოს დამოუკიდებლობას, თუმცა, მიუხედავად ამ ქვეყნის მცდელობებისა, 2008 წლის ომის თავიდან აცილება საქართველოს შეეძლო.
მისივე განმარტებით, ბოლოდროინდელი გაუგებრობა იმის შესახებ, რომ თითქოს მან საქართველო დაადანაშაულა ომის დაწყებაში, „აბსურდი და თითიდან გამოწოვილი ამბავია“.

მსგავსი თემები