იპოთეკით დაზარალებულები ერთწლიანი მორატორიუმის მოთხოვნით აქციას აანონსებენ 

იპოთეკური სესხით დაზარალებული მოსახლეობა ერთწლიანი მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვს და სახელმწიფო კანცელარიასთან ხვალ, 7 დეკემბერს, 17:00 საათზე საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს. აქციის მონაწილეები მოითხოვენ “ქვეყანაში არსებულ 15-წლიან სამევახშეო კანონმდებლობას” მიეცეს სისტემური დანაშაულის კვალიფიკაცია, ხოლო მოსახლეობა გამოცხადდეს დაზარალებულად.

როგორც “მედიაცენტრ მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დაზარალებულებმა განაცხადეს, ისინი ხელისუფლებისგან მოითხოვენ სასწრაფოდ მიიღონ ზომები, აღიარონ ქვეყანაში იპოთეკური კრიზისი და გამოცხადდეს მორატორიუმი. შეიქმნას უწყებათაშორისი კომისია, რომელიც შეისწავლის იპოთეკური სესხებით დაზარალებულთა მდგომარეობას.

“მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონია. როდესაც უამრავი ადამიანი არის უსახლკაროდ დარჩენილი და კიდევ ბევრს ემუქრება ამის საშიშროება, მოვუწოდებთ მთავრობას გამოაცხადოს მორატორიუმი, ამ პრობლემაზე სისტემური მუშაობაა საჭირო და არა ზერელე, როგორც აქამდე ხდებოდა. იმედი გვაქვს ჩვენი მოთხოვნა იქნება გაზიარებული და ამ ერთი წლის განმავლობაში მოსახლეობას მიეცემა საშუალება გადაჭრან იპოთეკასთან დაკავშირებული პრობლემები. ერთი წლის განმავლობაში აღსრულების პოლიციამ ვერ შეძლოს ვერც ერთი ადამიანის ბინიდან გამოსახლება”, – აცხადებს იპოთეკური სესხებით დაზარალებულთა უფლებების დამცველი, ადვოკატი ალექსანდრე კობაი​ძე. ​

მისი თქმით, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში ამ პრობლემაზე პრეზიდენტობის არც ერთმა კანდიდატმა არ გაამახვილა ყურადღება. ​

ერთ-ერთი დაზარალებული და სახალხო მოძრაობა “ჩვენის” დამფუძნებელი ​​მამისა ჯაფარაშვილი, მმართველი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს, ფონდ “ქართუდან” გამოყოფილი 1,5 მლრდ ლარი, რომელიც “შავ სიაში” მოხვედრილი მოსახლეობის დავალიანების გადახდას უნდა მოხმარდეს, “ტყუილად არ დაფანტოს“.

“მოვუწოდებ ბიძინა ივანიშვილს, ამ ფულით არ გააკეთოს ბანკირებისა და მევახშეების საქმე და ფაქტობრივად ჩამოწერილი ვალები არ გააცოცხლოს. ეს თანხა მიმართოს მიზნობრივად, შექმნას ფონდი, რომლითაც შესაძლებელი იქნება უზრუნველყოფილი სესხების გასტუმრება და იმ სახლების გამოსყიდვა, რომლებიც წაართვეს მოსახლეობას”, – აცხადებს მამისა ჯაფარაშვილი.

მსგავსი თემები