“ინფორმაცია ჩვენს პროდუქტში არასაკვები საღებავის არსებობის შესახებ შეცდომა ან პროვოკაციაა” – “კულას” დირექტორი

კომპანია “კულას” დირექტორი, ივანე გოგლიძე ლაბორატორიის შეცდომად, ან პროვოკაციად აფასებს ერთ-ერთი ვებგვერდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, “კულას” ერთ-ერთ პროდუქტში, არასაკვები საღებავი აღმოჩნდა. 

მისი თქმით, “კულა” არ იყენებს საღებავებს და მათი პროდუქცია 25 ქვეყანაში მოწმდება, სადაც იქ ექსპორტზე გადის.

„ნებისმიერ მაღაზიაში შეუძლიათ მივიდნენ, აიღონ ნიმუში, დავლუქავთ და შეამოწმონ, მაგრამ საერთოდ არ ვიყენებთ საღებავს, მითუმეტეს, საუბარია ისეთ პროდუქციაზე, რომელიც წითელი ფერისაა და არ სჭირდება არანაირი შეფერვა. ან ლაბორატორიის შეცდომაა, ან პროვოკაცია. ჩვენ ამ პროდუქციას ვგზავნით გერმანიაში, ამერიკაში, ისრაელში. 25 ქვეყანაში ხორციელდება ექსპორტი და ყველგან მოწმდება. დარღვევის შემთხვევაში, აღნიშნული ქვეყნები ამ პროდუქტის თავიანთ ბაზრებზე რეალიზაციის უფლებას არ მოგვცემდნენ,“ – განაცხადა ივანე გოგლიძემ.

ცნობისთვის, დღეს ვებგვერდზე – “მომხმარებელი.ჯი” გამოქვეყნდა კვლევა, რომლის თანახმადაც, რამდენიმე პროდუქტში “სუდან ერთის” შემცველობა გამოვლინდა, რომელსაც, მათი თქმით, სურსათისთვის მოწითალო შეფერილობის მისაცემად იყენებენ. საქართველოში მოქმედ ლაბორატორიებს არ გააჩნიათ აკრედიტაცია სურსათში ზემოხსენებული საღებავების საკვლევად. ამიტომ ორგანიზაციამ ნიმუშები საზღვარგარეთ, კერძოდ გერმანიაში გაგზავნა. მათივე თქმით, კვლევის შედეგების თაობაზე იგზავნება წერილები სურსათის ეროვნულ სააგენტოში და მეწარმეებთან.

მსგავსი თემები