ინდოეთსა და პაკისტანში ზვავის შედეგად 67-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ინდოეთსა და პაკისტანში ზვავს 67-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ორი ქვეყნის მთავრობებზე დაყდნობით ავრცელებს. ზვავის ჩამოწოლის შედეგად არიან დაკარგულები.

როგორც მედიასაშუალება წერს, სულ მცირე 57 ადამიანი დაიღუპა პაკისტანის მიერ კონტროლირებად ქაშმირში. ათზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი მეზობელი ინდოეთის მიერ კონტროლირებად ქაშმირში.

პაკისტანის ხელისუფლების ცნობით, ზვავის გამო რამდენიმე სოფელი იზოლირებულია. მაშველები დაკარგულებს ეძებენ.

ამის პარალელურად, პაკისტანის დასავლეთ ნაწილში ბელუჯისტანის პროვინციის მთიან რეგიონში დიდთოვლობამ რამდენიმე სახლი გაანადგურა, რასაც 17 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ პროვინციის შვიდ რაიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. სამაშველო სამუშაოებში ჩართულია შეიარაღებული ძალები.

დიდთოვლობის გამო ბლოკირებულია პაკისტანისა და ავღანეთის დამაკავშირებელი რამდენიმე მაგისტრალი.
ყინვისა და დიდთოვლობის შედეგად გასული ორი კვირის განმავლობაში ავღანეთში სულ მცირე 39 ადამიანი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები