იმპერატორის თასის მფლობელი ლევან გორგაძე მცხეთის საპატიო მოქალაქე გახდა 

იაპონიაში მოღვაწე ქართველ ოძეკს, იმპერატორის თასის მფლობელ ლევან გორგაძეს, იგივე ტოჩინოშინს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი კაპანაძემ, მაჟორიტარ დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივით,  მცხეთის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა.  

ტოჩინოშინი რამდენიმე დღეს საქართველოში იმყოფება. ამ ხნის განმავლობაში შეხვდა ქვეყნის პირველ პირებს. შეხვედრები ჰქონდა პარლამენტშიც. მცხეთის მერიაში ლევან გოგრაძესთან შეხვედრა ​საქართველოს პარლამენტის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიას ინიციატივით გაიმართა.

როგორც “მთავარს” ზაზა გაბუნიამ განუცხადა, ბედნიერია, რომ მიეცა ტოჩინოშინთან შეხვედრის საშუალება.

​მისი შეფასებით, ლევან გორგაძე დღეს იაპონიაში საქართველოს სახეს წარმოადგენს. 

“მე ბედნიერი ვარ იმით, რომ მომეცა საშუალება შევხვედროდი ადამიანს, რომელმაც იაპონიაში საქართველოს ისტორია დაწერა. მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, მადლიერი ვარ მისი და ამავდროულად აღფრთოვანებული მისი ამ წარმატებით, მის მიერ დაპყრობილი მწვერვალით და შესაძლებლობებით, რითიც არის დაჯილდოებული ლევან გორგაძე. ის დღეს საქართველოს სახეა იაპონიაში“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი მცხეთა-მთიანეთის მხარეში ლევან ზაუტაშვილი, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძე და მუნიციპალიტეტის სხვა თანამდებობის პირები.

ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, როგორც მას იაპონიაში უწოდეს, მცხეთაშია დაბადებული. 2018 წელს ის იმპერატორის თასის მფლობელი გახდა. ტოჩინოშინის დებიუტი 2006 წლის მარტში შედგა, 2008 წლის მაისში კი მან მიაღწია მაკუუჩი ლიგის (უმაღლესი დივიზიონი) წამყვან პოზიციებს.  

 

მსგავსი თემები