“იმისთვის ვიბრძოლეთ რომ ეს რეალობა არ დამდგარიყო” – დავით ლორთქიფანიძე არჩევნებზე

“ქართული ოცნების” დეპუტატი წინა მოწვევის პარლამენტში, ვანის ყოფილი მაჟორიტარი დავით ლორთქიფანიძე 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს აფასებს და აცხადებს, რომ გულნატკენია, რადგან 2012 წელს სიცოცხლისა და ოჯახის რისკის ფასად იმისთვის იბრძოდა, რომ 2018 წლის არჩევნებში ეს რეალობა არ დამდგარიყო.

როგორც დავით ლორთქიფანიძემ “მედიაცენტრ მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მთელი ამ წლების განმავლობაში ყოფილმა სახელისუფლებო პარტია “ნაციონალურმა მოძრაობამ”  გადაირჩინა თავი, მოახერხეს თავიანთი ამომრჩევლის სრული მობილიზაცია, მაგრამ ეს ვერ მოახერხა “ქართულმა ოცნებამ”, მმართველი გუნდის მხარდამჭერები დარჩნენ სახლებში.

“ის დამოკიდებულება, რაც გამოიხატა ჩვენი მხარდამჭერების მხრიდან იყო რეალური სურათი იმისა, თუ ქვეყანაში დღეს რა პოლიტიკური მდგომარეობაა. ​სამწუხაროდ, ბოლო არჩევნებში კონკურენტმა პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც მე ყოველთვის ერთ ძალაში მოვიაზრებდი, შეძლო რეაბილიტაცია. მათ მოახერხეს სრული მობილიზაცია, მაგრამ ეს ვერ მოახერხა “ქართულმა ოცნებამ”. ჩვენი ამომრჩეველი დარჩა სახლებში, მათ არ გამოხატეს თავიანთი ნება, ალბათ, ჩათვალეს, რომ შედეგი მაინც იქნებოდა მიღწეული. 2013 წელს ნაციონალების ერთ-ერთმა ლიდერმა, საყვარელიძემ მოუწოდა თავის თანაგუნდელებს, რომ თავის გადარჩენისთვის აუცილებელი იყო მანევრირების რეჟიმში გადასვლა და სადაც კი გადაირჩენდნენ თავს, ის    უნდა წასულიყვნენ, რომ ბოლოს ერთად იქნებოდნენ. ეს ბოლო არის ახლა, ისინი ისევე გაერთიანდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მე არასდროს მიმაჩნდა, რომ ისინი გაყოფილები იყვნენ. მათ შეასრულეს ძალიან შორს მიმავალი სტრატეგიული გეგმა, რომელიც ჰქონდათ დასახული და დღეს ერთად არიან”, – აცხადებს დავით ლორთქიფანიძე.

მისივე თქმით, იგი თავს არ გრძნობს “ქართული ოცნებიდან” გარიყულად, თუმცა მიაჩნია, რომ მმართველმა პარტიამ თავისი რესურსი მაქსიმალურად არ გამოიყენა. ​

“ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებიც სიცოცხლისა და ოჯახის რისკის ფასად ვიბრძოდით “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ. თუ 2012 წელს შედეგი იქნებოდა საწინააღმდეგო ვიცოდით რა გველოდა, მაგრამ მაინც გადავდგით მაშინ ეს ნაბიჯი. ჩვენ გვაქვს დაუკმაყოფილებლობის გრძნობა და ვართ გულნატკენი. იმისთვის ვიბრძოდით, რომ 2018 წლის არჩევნებში ეს რეალობა არ უნდა დამდგარიყო”, – აცხადებს “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი დავით ლორთქიფანიძე.

მსგავსი თემები